მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს, რომეო მიქაუტაძის კი 30-ში გაიმართება

ბაჩიაშვილი/მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის სასამართლო სხდომა 30 სექტემბერს გაიმართება. როგორც BMG-ის მისმა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ უთხრა, სააპელაციო სასამართლოში ჰქონდათ პატიმრობაში დატოვებაზე გადაწყვეტილება გასაჩივრებული, თუმცა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

მიქაუტაძის დაცვის მხარე აღკვეთის სახით პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. სუს-ის განცხადებით, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, როდესაც მას სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, თანამდებობრივ გავლენას სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად.

სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ სანაცვლოდ მიქაუტაძე ენერგოკომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიქაუტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

რაც შეეხება "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესს, იგი 22 სექტემბერსაა ჩანიშნული. ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ამ დროისთვის ჯამში სამ საქმეზეა სისხლის სამართლის კოდექსით დაწყებული გამოძიება. მისმა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა BMG-ის უთხრა, რომ 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი "საზღვრის უკანონოდ კვეთის" საქმეზე გაიმართება, რომელზეც ბაჩიაშვილს მიმდინარე წლის მარტში დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა.

ბაჩიაშვილის კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში: „კრიპტოვალუტების მითვისება“ და „მტკვარი ჰესი" ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს. 2025 წლის 10 მარტს მას "კრიპტოვალუტების საქმეზე" საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ბაჩიაშვილის დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები