სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ის პროკურატურის შუამდგომლობით დახურული იყო.
პროკურატურა ახალაიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. პროკურატურის თანახმად, 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩო ახალაია.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად ბაჩო ახალაია ბრალს არ აღიარებს.


























