გადაცემა „საქმის კურსში“ ბიზნესმობუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ღვინის მწარმოებელი კომპანია ბადაგონის საქმეში ბიზნესომბუდსმენის სამსახურის მონაწილეობაზე ისაუბრა.
წამყვანის შეკითხვაზე: როგორ შეაფასებდა ბადაგონის საქმეს, რომლის მთავარი საკითხი იყო, რომ ნდობაზე დაფუძნებულმა შეთანხმებებმა კომპანიაში პრობლემები გამოიწვია, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა: „ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები არის ორ კერძო სუბიექტს შორის გასარკვევი თემა, ამიტომ ჩვენი სურვილი იყო, რომ დავას გადაენაცვლებინა სასამართლოში - კერძო დავისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე“.
რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობას ამ პროცესში, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, გარკვეულწილად, მათი ჩართულობის შედეგია, რომ მიმდინარე დავის პირობებში საწარმოს მუშაობა მხოლოდ სამი დღე იყო შეჩერებული და სხვა მხრივ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას ხელი არ შეუშლია ბადაგონის წარმოებისათვის.
„ჩვენი მონაწილეობის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო, ის რომ კომპანია არ გაჩერებულიყო, მიუხედავად გამოძიებისა, რომელსაც აწარმოებდა ჯერ ფინანსური პოლიცია და შემდგომ - პროკურატურა,“ - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
ამ ეტაპზე ბადაგონის საქმეს სასამართლო იძიებს.

























