მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადიაური-ბაკურციხის 31 კილომეტრიანი მაგისტრალის და ხიდების ასაშენებლად $183-მილიონის ტენდერი გამოცხადდა

გზა მაგისტრალი მშენებლობა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის ახალი მაგისტრალის ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერები გამოაცხადა. ორი ლოტის ჯამური სავარაუდო ღირებულება 183 მილიონი დოლარია. პროექტი ითვალისწინებს ჯამში დაახლოებით 30.8 კმ სიგრძის ოთხზოლიანი გზის, სამი სატრანსპორტო კვანძისა და ხიდების მშენებლობას. პროექტი საერთო ჯამში 2.2 კილომეტრის სიგრძის ხიდების მშენებლობასაც მოიცავს. სამუშაოები საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდება.

პირველი ლოტი, ბადიაური-ჩალაუბანი, დაახლოებით 21.7 კმ სიგრძის იქნება, მისი სავარაუდო ღირებულება კი 113 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი მოიცავს ორ სატრანსპორტო კვანძს, 14 ხიდის მშენებლობას, დაახლოებით 6 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის მიწის სამუშაოებსა და 569,798 კვადრატული მეტრი ბეტონის საფარის მოწყობას. ხიდების საერთო სიგრძე დაახლოებით 706 გრძივი მეტრი იქნება. მონაკვეთის ერთი კილომეტრის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 5.2 მილიონი დოლარია.

მეორე ლოტი, ჩალაუბანი-ბაკურციხე, დაახლოებით 9.12 კმ სიგრძის გზას მოიცავს და მისი სავარაუდო ღირებულება 70 მილიონი დოლარია. პროექტით გათვალისწინებულია ერთი სატრანსპორტო კვანძის, რვა ხიდის, დაახლოებით 4 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის მიწის სამუშაოებისა და 207,730 კვადრატული მეტრი ბეტონის საფარის მოწყობა. ხიდების საერთო სიგრძე დაახლოებით 1,503 გრძივი მეტრი იქნება. გზის შუა გამყოფ ზოლზე ორმხრივი ბეტონის დამცავი ბარიერი მოეწყობა. ამ მონაკვეთის ერთი კილომეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 7.7 მილიონი დოლარია. შედარებით მაღალი ფასი, პროექტის აღწერის მიხედვით, ტერიტორიის უფრო რთულ გეოგრაფიულ პირობებს უკავშირდება.

ორივე მონაკვეთზე გათვალისწინებულია სადრენაჟო სისტემებისა და სხვა თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოების დასრულების ვადა თითოეული ლოტისთვის 900 დღეა. ამასთან, კონტრაქტორებს დასრულებული სამუშაოების ხარვეზების შეტყობინებისა და გამოსწორების ხუთწლიანი, 1,825-დღიანი პერიოდიც ექნებათ.

ტენდერის პირობებით, კომპანიებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ როგორც ერთ, ისე ორივე ლოტზე. შესყიდვა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო შესყიდვების წესების შესაბამისად ჩატარდება. წინადადებების შეფასებისას ტექნიკურ და სხვა არაფასობრივ კრიტერიუმებს ჯამური შეფასების 50% დაეთმობა, ფასს კი ასევე 50%. სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 21 დეკემბერი, თბილისის დროით 15:00 საათი. ელექტრონული ტენდერი გათვალისწინებული არ არის.

ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის ფინანსური და გამოცდილების მოთხოვნებია განსაზღვრული. ბადიაური-ჩალაუბნის ლოტზე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 85.1 მილიონი დოლარის საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა, ხოლო ჩალაუბანი-ბაკურციხის ლოტზე ეს მოთხოვნა 52.4 მილიონი დოლარია. თუ კომპანია ორივე ლოტზე შეიტანს განაცხადს, მინიმალური საშუალო წლიური ბრუნვა 137.5 მილიონ დოლარს უნდა შეადგენდეს. ბრუნვა გამოითვლება 2021-2025 წლებში მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ფარგლებში მიღებული დადასტურებული ანაზღაურების მიხედვით.

ასევე, პრეტენდენტებს უნდა შეეძლოთ შესაბამისი სამუშაოების დასაფინანსებლად საჭირო ფულადი რესურსების უზრუნველყოფა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების გათვალისწინებით. ბადიაური-ჩალაუბნის ლოტისთვის მოთხოვნილი მინიმალური ფულადი რესურსი 14.2 მილიონი დოლარია, ჩალაუბანი-ბაკურციხისთვის კი 8.8 მილიონი დოლარი. ორივე ლოტზე განაცხადის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ჯამურად 23 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი პროექტების შესრულების გამოცდილების მოთხოვნებიც განსაზღვრულია. კომპანიას 2019 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადამდე უნდა ჰქონდეს წარმატებით და არსებითად დასრულებული მინიმუმ ერთი შესაბამისი კონტრაქტი. ბადიაური-ჩალაუბნის ლოტისთვის ასეთი კონტრაქტის მინიმალური ღირებულება 113 მილიონი დოლარია, ჩალაუბანი-ბაკურციხისთვის კი 70 მილიონი დოლარი. ორივე ლოტზე განაცხადის შემთხვევაში დასაშვებია ერთი შესაბამისი კონტრაქტის წარდგენაც, რომლის ღირებულება მინიმუმ 183 მილიონი დოლარი უნდა იყოს. გამოცდილება შეიძლება დადასტურდეს როგორც ძირითად კონტრაქტორად, ისე ერთობლივი საწარმოს წევრად, მმართველ კონტრაქტორად ან ქვეკონტრაქტორად შესრულებული სამუშაოებით.

ტენდერის პირობები კონკრეტულ სამშენებლო გამოცდილებასაც ითხოვს. პრეტენდენტს ბოლო წლებში, ნებისმიერი უწყვეტი 36-თვიანი პერიოდის განმავლობაში, უნდა ჰქონდეს შესრულებული შესაბამისი მოცულობის სამუშაოები ბეტონის საფარის მოწყობის, მიწის სამუშაოებისა და სატრანსპორტო ხიდების მშენებლობის მიმართულებით.

ბადიაური-ჩალაუბნის ლოტისთვის მოთხოვნილია მინიმუმ 142,500 კვადრატული მეტრი საავტომობილო გზის ბეტონის საფარის მოწყობის გამოცდილება, 1.63 მილიონი კუბური მეტრი მიწის სამუშაოები და ხიდების ჯამური საფარის მინიმუმ 2,500 კვადრატული მეტრი. ჩალაუბანი-ბაკურციხის ლოტისთვის შესაბამისი მოთხოვნებია 52,000 კვადრატული მეტრი ბეტონის საფარი, 1.1 მილიონი კუბური მეტრი მიწის სამუშაოები და ხიდების საფარის 10,500 კვადრატული მეტრი. ორივე ლოტზე განაცხადის შემთხვევაში მოთხოვნები ჯამურად 194,500 კვადრატულ მეტრ ბეტონის საფარს, 2.73 მილიონ კუბურ მეტრ მიწის სამუშაოებსა და ხიდების საფარის 13,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

გარდა ამისა, თითოეულ ლოტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმების შესრულების მინიმუმ ერთი კონტრაქტის გამოცდილება. ორივე ლოტზე განაცხადის შემთხვევაში ასეთი კონტრაქტების მინიმალური რაოდენობა ორია.

კახეთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის გაგრძელებაა. პროექტის მიზანია თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე სატრანსპორტო დატვირთვის შემცირება, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება და დასახლებული პუნქტების გვერდის ავლით გადაადგილების უზრუნველყოფა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი მაგისტრალის გამტარუნარიანობა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება, ხოლო მონაკვეთები მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და განათების სისტემით აღიჭურვება.

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და მსოფლიო ბანკის 277 მილიონი ლარის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს თურქული კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret ასრულებს. პროექტი თავდაპირველად 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა ჯერ 2026 წლისთვის, შემდეგ კი 2027 წლის დასაწყისისთვის გადაიწია.

2024 წელს კახეთის ახალი ავტომაგისტრალის კიდევ ერთი, 35-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 527 მილიონი ლარი დაჯდა. ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის ახალი მონაკვეთების მშენებლობა ამ გზის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები