“საზოგადოდ მინდა ყველას შევახსენო, რომ საუბარია 2008 წელს, როდესაც საერთოდ როგორ გადავრჩით როგორც ქვეყანა და როგორ გადარჩა საფინანსო და საბანკო ინდუსტრია ომს და ფინანსურ კრიზისს,”- ეს არის TBC ბანკის დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ თიბისის საქმეზე მორიგი ბრიფინგი გამართა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, თითოეული ის ტრანზაქცია და დეტალი, რაც პროკურატურამ გაავრცელა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.
“დღევანდელი განცხადება იყო გამეორება 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ განხილვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. ჯერ ერთი, ბრალდება მე არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები. სანდომიანმა ქალბატონა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც ჩემი რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. არანაირად არ შეიძლება პროკურატურის კომპეტენცია იყოს -სესხის გაცემის შეფასება. ბალანსს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის არანაირად პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ობიექტური ანალიზი გააკეთონ, გაუფრთხილდნენ ქვეყნის და ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას.
საზოგადოდ, მინდა ყველას შევახსენო, რომ საუბარია 2008 წელზე. ყველას ეს თითქოს დაავიწყდა, თითქოს 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში. მე მინდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ გაიხსენოს 2008 წელი, გაიხსენოს რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რა მოხდა 2008 წელს მსოფლიოს ეკონომიკაში. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ეს იყო იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ბანკები გაკოტრდა, მათ შორის Lehman Brothers-ი, გაერთიანებული ირლანდიური ბანკი და სხვები. ამიტომ მე მინდა რომ ყველას მოვუწოდო, ობიექტური ანალიზი გააკეთონ გაუფრთხილდნენ ქვეყნის რეპუტაციას, გაუფრთხილდნენ ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას.
ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ჩვენ მივედით პარლამენტში, ჩვენ კიდევ ერთხელ მივალთ პარლამენტში.
მე მინდა გითხრათ, ანაკლიის პორტი ვითარდება, მას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. მე უბრალოდ მინდა ყველას მოვუწოდო და შევახსენო, რომ ასეთი განცხადებები არის დამაზიანებელი. ეს არის არამხოლოდ იმ ადამიანების რეპუტაციის დამაზიანებელი, რომელთა მიმართაც არის ეს განცხადებები, არამედ თავად ინსტიტუტების მიმართაც არის დამანგრეველი და დამაზიანებელი,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

























