მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის მიზეზებს განმარტავს

5d7768d75e11f
შოთა ტყეშელაშვილი
10.09.19 14:02
1068
თიბისი ბანკის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო სასამართლოში უჩივის.

საქმე გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხება, რომლებიც დეპუტატმა "ფულის გათეთრების" საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. ზიანის ანაზღაურების სახით ჯაფარიძე ვოლსკისგან 221,952 ლარს მოითხოვს. 

ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რომ გია ვოლსკის ცილისმწამებლური განცხადებები ადასტურებენ, რომ მმართველი პარტია და პროკურატურა აღნიშნულ პროცესში სრულად კოორდინირებულად მოქმედებენ, მათ წინააღმდეგ აღძრული გამოძიებები კი, პოლიტიკურად არის მოტივირებული. 

"ეს ეხება გია ვოლსკის განცხადებებს, რომლებსაც ის აკეთებს ბოლო პერიოდის განმავლობაში. სამწუხარო არის ფაქტი, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც ზოგადად უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, უნდა ცდილობდეს, რომ დაიცვას ქვეყანა იმ უარყოფითი გავლენისგან, რომელიც მოაქვს პროკურატურის მხრიდან ჩვენს მიმართ, ასეთ ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებას და ბრალის წაყენებას. უნდა გითხრათ, რომ ეს ზიანი საკმაოდ დიდია. ამის ნაცვლად, [გია ვოლსკი] კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისი განცხადებებით, რომ ეს არის კოორდინირებული მოქმედება პროკურატურისა და მმართველი პარტიის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის მისი ლიდერისთვის ლოიალურობის დამტკიცება, ვიდრე ქვეყნის ინტერესები," - ამბობს ვოლსკი. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბადრი ჯაფარიძის განცხადებას უკვე გამოეხმაურა, მისი თქმით, ჯაფარიძემ 17 მლნ-ის „აორთქლებაზე“ უნდა გასცეს პასუხი.    

„განცხადებები გააკეთოს იმასთან მიმართებაში, რა უყვეს იმ 17 მლნ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ ამ კრედიტზე მომსახურება უზრუნველყოფილი არ იყო. თანხა როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადარიცხეს თუ გადაიყვანეს ოფშორულ ზონაში? პოლიტიკა და საზოგადოებრივი მოძრაობა არ არის თავშესაფარი მაშინ, როდესაც გედავებიან 17 მლნ-ის "აორთქლებას", ამაზე უნდა გასცე პასუხი და არა ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენს წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ. სასამართლო გაარკვევს ყველაფერს ყოველთვის ვამბობ, მაგრამ ვინაიდან ბრალდებაა, ამ ბრალდებას უნდა გასცე პასუხი და არა გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს და რომელიც ასევე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას",  - განაცხადა ვოლსკიმ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები