ჩირების მწარმოებელი ქართული კომპანია "ჩირჩხელა" ამ ეტაპზე 50 სახეობის ბოსტნეულისა და ხილის ჩირს აწარმოებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც ქართული ტრადიციული ხილისგან - ვაშლი, ქლიავი, ლეღვი- დამზადებულ პროდუქციას, ასევე, ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის ჩირებს.
კომპანიის ხელმძღვანელი გური სალუქვაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ბოსტნეულისგან დამზადებული ჩირით განსაკუთრებით უცხოელები ინტერესდებიან, რამდენადაც მათგან სადილის დამზადება მარტივად ხდება.
"ჩვენ ვამზადებთ გარკვეული კერძების ჩირებს ერთად, მაგალითად, ბორშის, აჯაფსანდალის და ა.შ. ლაშქრობაში ძალიან მოსახერხებელია მათი გამოყენება, რადგან მხოლოდ წყლისა და მარილის დამატება სჭირდება",- აცხადებს გური სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ „ჩირჩხელაში“ მზადდება ყაბაყის, ბადრიჯნის, ჭარხლის, კომბოსტოს, სტაფილოს ჩირები.
მისივე თქმით, მოთხოვნაა ტრადიციულ ჩირებზეც, თუმცა, ქართველი მომხმარებელი სიახლეს ეძებს და განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია ეგზოტიკური ხილისგან დამზადებულ ჩირებზე, როგორიცაა, ანანასი, კივი. ამასთან, დიანტერესებაა მარწყვის, ალუბლისა და ბლის ჩირებზეც.
ამ ეტაპზე კომპანიის მიერ წარმოებული ჩირის შეძენა მხოლოდ მათ საფირმო მაღაზიაშია შესაძლებელი, თუმცა, "ჩირჩხელა" ფართოვდება და არამხოლოდ ქართულ ბაზარზე მასშტაბური შემოსვლისთვის, არამედ ექსპორტისთვისაც ემზადება.
გური სალუქვაძის ინფორმაციით, წარმოება რეგიონში, კერძოდ გურიაში გადააქვთ, რის შემდეგაც მეტი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას შეძლებენ. კომპანიის ინფორმაციით, ქართული პროდუქციით უკვე არის დაინტერესება შვედეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინიდან.
"ამ ბაზრებზე გასასვლელად გარკვეულ სტანდარტებზე მორგება გვჭირდება, რისთვისაც ვემზადებით",- აცხადებს გური სალუქვაძე.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქართულ ბაზარზე ჩირის რამდენიმე კომპანია გამოჩნდა, თუმცა, „ჩირჩხელა“ მათგან მრავალფეროვანი ასორტიმენტით და ნატურალური პროდუქციით გამოირჩევა.

























