BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, კერძოდ გამოკითხული ბიზნესის 59% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.
მიმდინარე კვარტალში, ასევე გაუარესდა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის მაჩვენებელი, რომელიც წინა კვარტალში, ჩამოთვლილ ფაქტორთა შორის მეოთხე ადგილზე იყო.
სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა 56 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა მრეწველობის სექტორში.
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი გამწვავდა ოთხივე სექტორში, თუმცა გამოსაყოფია მრეწველობისა და მშენებლობის სექტორები, სადაც 39 და 35 პროცენტული პუნქტებით გაიზარდა აღნიშნული პრობლემის სიმძაფრე.
აღსანიშნავია, რომ იმ კომპანიების 88%, რომელიც ხელის შემშლელ ფაქტორად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს, მიიჩნევს, რომ მთავარ გამოწვევას მარეგულირებელი გარემო წარმოადგენს, ამასთან, ეს მაჩვენებელი 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 23 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
საგულისხმოა, რომ წინა კვარტალთან შედარებით, ვაჭრობის სექტორში შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა აღარ ფიქსირდება, თუმცა, მიმდინარე კვარტალში, სექტორში ყველაზე გამოკვეთილი ხელის შემშლელი ფაქტორი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2023 წლის მეორე კვარტალში გამოკითხული ბიზნესის 54% საუბრობს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია აქამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
(NS)