მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: საქართველოს ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებას განაგრძობს

6486d76b0313f
BM.GE
12.06.23 12:28
552
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2023 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა და 50.6 ქულას მიაღწია. ასოციაციის წევრი კომპანიები ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ და მათი მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტურია, რაც ბიზნეს კლიმატის მზარდ დინამიკაზე აისახება.



შეგახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

მეორე კვარტალში, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას ყველა სექტორი დადებითად აფასებს, რასაც შესაძლოა განაპირობებდეს, წინა კვარტალთან შედარებით, ოთხივე სექტორში მკვეთრად გაზრდილი გაყიდვები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში განსაკუთრებულად პოზიტიური შეფასებებით მშენებლობის სექტორი გამოირჩევა, კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 41.4 ქულით, ხოლო ბიზნესის მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 22.1 ქულით გაუმჯობესდა.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად დადებითი შეფასებებისა, წინა კვარტალთან შედარებით, გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუარესებულია მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო მომსახურების სექტორს მომდევნო 6 თვეში მცირედი კლების მოლოდინი აქვს.



ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები