მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა ჰყავს - ლევან ვეფხვაძე

BAG

6 ნოემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყრილობა გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრებმა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს.

"2019 წლიდან 5 წელიწადში ერთხელ ვირჩევთ მმართველ რგოლს, სამეთვალყურეო საბჭოს, პრეზიდენტს და ა.შ. სწორედ გუშინ იყო ეს დღე, როდესაც ჩვენ არჩევნები გვქონდა, რომელსაც ასოციაციის წევრი 130 კომპანიიდან 90% დაესწრო, რაც, ვფიქრობ, ჩართულობის კარგი მაჩვენებელია.

ავირჩიეთ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა. გვყავდა 29 კანდიდატი და ჩავთვალეთ, რომ კონკურენციის შექმნას, დაძაბულობისა და არასასურველი სიტუაციის შემოტანის ნაცვლად ჯობდა, რომ გაგვეფართოებინა ბორდი", - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, საბჭოს წევრების რაოდენობის ზრდის გადაწყვეტილება ასოციაციის განვითარებასთან ერთად მიიღეს, რადგან BAG-ის დღეს 2-ჯერ უფრო მეტი წევრი კომპანია ჰყავს, ვიდრე 5 წლის წინ.

"ჩვენი მიზანი კონკურენციის შეზღუდვა არ ყოფილა. უბრალოდ, როდესაც საბჭოში 25 წევრი იყო, მაშინ ასოციაციის შემადგენლობაში 70 კომპანია შედიოდა. დღეს BAG ორჯერ უფრო დიდია და ბორდიც უფრო წარმომადგენლობითი უნდა იყოს, ამიტომ გახდა ის 30-კაციანი, საიდანაც 29 გუშინ ავირჩიეთ, 30-ს არჩევის უფლება კი კვლავ თავად საბჭოს დავუტოვეთ.

საბჭოს შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ გვაქვს, არის ზრდა, თუმცა ძველი წევრების 80%-მა დარჩენის სურვილი გამოთქვა. ჩვენ ყველასგან ვიღებდით შემოთავაზებას და ყველა კანდიდატი გავიყვანეთ ასოციაციის ყრილობაზე", - ამბობს BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ვეფხვაძის განმარტებით, ასოციაციის ხელმძღვანელობაში ცვლილებები არ არის, რადგან ასოციაციის განვითარება ადასტურებს, რომ მმართველი რგოლის საქმიანობა წარმატებულია.

"ლიდერშიპში" ცვლილებები არ გვაქვს. ვფიქრობ, რომ ასოციაციის საქმიანობის ბოლო 5 წელი ძალიან წარმატებულია, რასაც ისიც მომწონს, რომ წევრების რაოდენობა გაორმაგდა. ამიტომ, ბატონი სოსო ფხაკაძე იქნება ასოციაციის პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის განმავლობაში, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ ლაშა პაპაშვილი, ვიცე პრეზიდენტი კი არჩილ კონცელიძე იქნებიან", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები