საბანკო სექტორზე კონკურენციის კანონის გავრცელება არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნას, რომლებიც ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობების გავრცელებას ითხოვენ და ამისთვის მთავრობას და საკანონმდებლო ორგანოს საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ირაკლი ასლანიშვილის განცხადებით, ბიზნესასოციაცია დღეს საკუთარ პოზიციას ეკონომიკის მინისტრთან და ბიზნესსექტორთანაც დააფიქსირებს და მათი პოზიცია ამ თემაზე ცალსახაა.
„ეს იქნება ერთ-ერთი განხილვის თემაც, მიგვაჩნია, რომ საბანკო სექტორზე კონკურენციის კანონის გავრცელება არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი“, - აცხადებს ასლანიშვილი.
შეგახსენებთ: 12 სადაზღვევო კომპანია "საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად" მთავრობას მიმართავს . მათი განცხადებით, დამოუკიდებელ სადაზღევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება.
„ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან“- განმარტავენ სადაზღვევო კომპანიები.