საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში ასოციაცია აცხადებს, რომ ისინი ეთანხმებიან განხორციელებული ცვლილებების არსსა და მიზანს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ცვლილებების განხორციელების პროცესში ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული თამბაქოს მოხმარების შედეგად მიყენებული ზიანის შესამცირებელი ისეთი მნიშვნელოვანი საშუალებები, როგორებიცაა ელექტრონული სიგარეტები და სხვა მსგავსი, თამბაქოს ჩამნაცვლებელი პროდუქტი.
„ასეთი პროდუქტის რეგულაცია, როგორც ევროკავშირის პრაქტიკა ცხადყოფს, აუცილებელია თამბაქოს ტრადიციული ნაწარმისგან განსხვავებულად, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით უკვე დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების გვერდის ავლას მოხმარებისა თუ რეალიზაციის მიზნებისთვის.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ბაზარზე ელექტრონული სიგარეტის, მათი კონტეინერების, შემავსებლების თუ კარტრიჯების იმპორტი და რეალიზაცია უკვე დიდი ხანია ხორციელდება და როგორც შემოსავლების სამსახურის მონაცემები ცხადყოფს, საკმაოდ დიდია ამ პროდუქტის კონტრაბანდის შემთხვევებიც, რასაც ემატება შესაბამისი სტრანდარტების/რეგულაციების არარსებობა და პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება პროდუქტის კონტროლი.
ზემოთაღნიშნულის გათვალისიწნებით, ასოციაციამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე.
კანონპროექტის მიზანია წვადი და არაწვადი თამბაქოს ნაწარმის (როგორიცაა ელექტრონული სიგარეტი და არამოსაწევი ახალი თამბაქოს ნაწარმი) მიმართ იმ ერთგვაროვანი მიდგომის გაუქმება, რომელიც არეგულირებს ამ ტიპის ნაწარმს და ტრადიციულ სიგარეტებს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არაწვადი ნაწარმი ფუნდამენტურად განსხვავდება სიგარეტებისა და სხვა წვადი თამბაქოს ნაწარმისგან.
„ფუნდამენტურად განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ელექტრო სიგარეტები და ზოგიერტ ახალი თამბაქოს ნაწარმი არ ახდენს თამბაქოს აალებას და არ გამოყოფს კვამლს. საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზედამხედველი საჯაერო უწყებები და მარეგულირებელი სააგენტოები თანხმდებიან, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არის ათასობით ის სხვა ქიმიური ელემენტი, რომელიც გვხვდება სიგარეტის კვამლში და არა თავად ნიკოტინი“-განმარტებულია კანონპროექტში.

























