მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

6433c06926920
BM.GE
10.04.23 11:44
955
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად გოგი ჩიქოვანი დაინიშნა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის აქამდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

კალაძის თქმით, გოგი ჩიქოვანს ახალგაზრდული მიმართულება ებარა და საქმეს კარგად უძღვებოდა.

„გვაქვს საკადრო ცვლილებები. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანი, რომელიც აქამდე იკავებდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. მას ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძღვებოდა. გოგი ჩიქოვანის უშუალო ორგანიზებით, არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. გოგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე, ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კახა გვანცელაძეს, რომელიც აქამდე იკავებდა სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას. მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოსტი დაეტოვებინა. პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას. მადლობას ვუხდი გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ მიმართულებაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები