ბაღდათში მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი დაფუძნდა, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დაიწყება.
სასწავლო ცენტრი და სადემონსტრაციო სათბურები 3 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მოეწყობა, სადაც დაინტერესებული პირები პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლიან.
ცენტრის დაფუძნებით შპს „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის I ფაზის იმპლემენტაციაც დაიწყო. ამასთან, სადემონსტრაციო ცენტრის წევრი უცხოური და ქართული 18 კომპანია გახდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის მმართველობასა და ფუნქციონირებაში მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები, ბიზნესსექტორი და ფერმერები. ცენტრი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. სამ წელიწადში სახელმწიფო სრულად გადასცემს მის მართვას ორგანიზაციის წევრებს. ეს არის სიახლე საქართველოსთვის, ეს არის ევროპული მოდელის დანერგვა ასეთი ტიპის ორგანიზაციების მართვაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, რომელიც ცენტრის დაფუძნების ღონისძიებას ესწრებოდა.
ღონისძიებაზე იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძეც იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც სასწავლო ცენტრი იმერეთში არსებულ 5 000-მდე სასათბურე მეურნეობას ბიზნესის გაფართოებისა და შემოსავლების გაზრდის საშუალებას მისცემს. ამასთან, მისივე თქმით, ფერმერები ახალი სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მიღებული ცოდნით, მოსავლის მოყვანას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეძლებენ და ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტსაც განახორციელებენ.
ინფორმაციისთვის, ახალი სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრი არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც წევრობაზეა დაფუძნებული და უცხოურ და ქართულ აგროპროდუქტების და სასათბურე ტექნოლოგიების, სერვისებისა და სწავლების მიმწოდებელ კომპანიებს აერთიანებს. ცენტრის მთავარი ბენეფიციარები იმერეთის რეგიონის მესათბურე ფერმერები არიან.

























