მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაგები-წყნეთის გზაზე, სადაც მეწყრული პროცესები დაფიქსირდა, დამცავი კედელი შენდება

605ceb176426a
თამთა ჯიჯავაძე
25.03.21 23:53
634
ბაგები-წყნეთის გზაზე, სადაც მეწყრული პროცესები დაფიქსირდა, დამცავი კედელი შენდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომელიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა.

„ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე დღეს დილით მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა. გეგმა არის, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და ადგილზე სპეციალური კედელი მოეწყოს, ვინაიდან მომავალში, უშუალოდ ამ მონაკვეთზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალური გარანტია გვქონდეს", - აღნიშნა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, კედელი კეთდება იმისათვის, რომ მიწის მასის ჩამოშლის შემთხვევაში, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

„მიწის იმ მასისთვის, რაც დღეს დილით წამოვიდა, ეს კედელი სრულიად საკმარისია. დედაქალაქის მერიას მიმდებარე ფერდთან დაკავშირებით დეტალური პროექტები გამზადებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე რიგის სამუშაოს, რომელიც მასშტაბიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო დიდი იქნება, თუმცა ამ სამუშაოების დაწყებამდე აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს", - დასძინა მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა დღეს გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები