მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაიას ღვინო" წარმოებას აფართოებს

5bf6c13b960f6
მაია ბიწაძე
22.11.18 18:43
1766
ბაია აბულაძის საოჯახო ღვინის საწარმო მზადაა, - ამის შესახებ Bm.ge-ს ახალგაზრდა მეღვინემა თავად განუცხადა. ახალი მარანი ოჯახს წარმადობის ორჯერ გაზრდის საშუალებას მისცემს და მომავალი წლიდან 10 ათას ბოთლ ღვინოს დაამზადებენ. საწარმოში 90 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 70 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. აბულაძეების ღვინის მარანი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ობჩაში მდებარეობს.

„საწარმოს უკვე მზად არის, მოწყობა თითქმის დასრულებულია და ეს დაგვეხმარება ღვინის წარმოება გავაორმაგოთ, სეზონზე 10 ათასი ბოთლი ღვინის დამზადების შესაძლებლობა მოგვეცემა, აქამდე წელიწადში მხოლოდ 5 ათას ბოთლს ვასხამდით. გარდა ამისა, ვგეგმავთ ახალი ქვევრების შეძენას, რაც ჩვენი წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ბაია აბულაძემ.

ოჯახი ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს, პორტფელში სამ ახალ პროდუქტს დაამატებენ, მათ შორის სრულიად ახალ პროდუქტს - ცქრიალა ღვინოს და ორი სახეობის ღვინოს - ,,ციცქას“ და ,,ოჯალეშს“. აქამდე მარანში ხუთი სახეობის ღვინოს ამზადებდნენ: ,,ცოლიკაურს“, ,, ციცქა-ცოლიკაურს“, ,,კრახუნას“, ,,ოცხანურის საფერეს“ და ,,ალადასტურს“. ღვინო ექსპორტზე ამირაკასა და ევროპაში იყიდება, ბოთლის ფასი უცხოურ დახლებზე 30 დოლარია.
ბაია აბულაძემ საოჯახო მარანში ღვინის დამზადება სამი წლის წინ, 22 წლის ასაკში დაიწყო, იგი თავად იღებს მონაწილეობას ღვინის დაყენებაში. უკვე გამოცდილი მეღვინე ცოდნას და-ძმას უზიარებს.

,, ჩემი ოჯახის მეოთხე თაობა ვართ, ვინც მეღვინეობას ეწევა, ჩემი და-ძმაც ჩართული არიან ამ საქმეში, ისინი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და ამ მიმართულებით იღებენ განათლებას, ჩემი ძმა პროფესიით ენოლოგია, ასე რომ ეს ჩვენი ოჯახური ბიზნესია “ - აცხადებს ბაია.

აბულაძეების ოჯახი ღვინოს საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავლით ამზადებს, რომელიც იმერეთის საუკეთესო მიკროზონაში 3 ჰექტარზეა გაშენებული. გეგმავენ ვენახის ფართობები 10 ჰექტრამდე გაზარდონ, ახალი ვენახის გაშენებას გაზაფხულზე დაიწყებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები