ბევრისთვის უცნობმა საქართველომ, წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ზამთრის კურორტებს შორის უკვე მოიპოვა თავისი კუთვნილი ადგილი. დღეს ბაკურიანი უფრო ცნობადია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამას მოწმობს, ხორვატიაში გამართული საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კომიტეტების საგაზაფხულო შეკრებაზე, ქართული დელეგაციისადმი ინტერესი.
„როგორც იცით, აქამდე მსოფლიო ჩემპიონატები ერთი და იგივე, დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნებში ტარდებოდა. წელს პირველად მოხდა, რომ ბევრისთვის უცნობმა, ახალგაზრდა ქვეყანამ ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი. კონგრესზე, საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგითი კომიტეტის წევრით დამთავრებული, ყველა აღნიშნავდა საქართველოს წარმატებას და იმ დიდ ნახტომს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება ჰქვია. “ - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.
დატვირთულ სამუშაო შეხვედრებში, რომელიც 2023-24 წლის სეზონს და სამომავლო გეგმებს მიეძღვნა, ყველა კონტინეტის სათხილამურო ფედერაციები მონაწილეობდნენ. საქართველოს მხარე ჩართული იყო კომიტეტების მუშაობაში, ასევე, გამართა შეხვედრა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან, იოჰან ელიაშთან, რომელიც წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, პირველად სტუმრობდა საქართველოს. ჩემპიონატის დღეებში, საორგანიზაციო კომიტეტის გუნდის წევრებთან ერთად, ჩემპიონატის მიმდინარეობას, საშეჯიბრო ტრასებს და სხვა ინფრასტრუქტურას გაეცნო. ვერტმფრენით სვანეთიც მოინახულა. მას მეგზურობას სილქნეტის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი უწევდა.
„მხოლოდ 17 ქვეყანას ჰქონდა აქამდე ჩატარებული ზამთრის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატი. მე-18 ჩვენი ქვეყანაა. ამით ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს. ეს განაპირობა ჩვენმა 20-წლიანმა მუშაობამ და სახელმწიფოს ჩართულობამ. სერიოზული შეფასება მივიღეთ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება თითქმის 7 წელი მიმდინარეობდა. უკვე გამოცდილი ქვეყანა ვართ. ის ბირთვი, რომელიც ამ ჩემპიონატის გარშემო შეიკრა - სათხილამურო ფედერაცია, მისი მთავარი სპონსორი სილქნეტი, მთის ტრასების სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, ჩვენი მოხალისეები - არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი სიმდიდრე. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მთის კურორტების განვითარების სამოქმედო გეგმა მალე ოფიციალურად გახდება ცნობილი. საქართველოს სამთო კურორტებზე სპორტული სკოლების შექმნაა დაგეგმილი, სადაც ახალგაზრდებს ადგილზე ვარჯიშისა და სწავლის ყველა პირობა ექნებათ შექმნილი. თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის მთის კურორტები, ეს FIS-ის პრეზიდენტის, იოჰან ელიაშისა და პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას დაიგეგმა.“ - განაცხადა სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თავად იყო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი, საფუძველი ჩაუყარა იმ საერთაშორისო ურთიერთობებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატამდე მიიყვანა ქვეყანა.
სათხილამურო სპორტს უკვე ათ წელზე მეტია მხარდაჭერას უცხადებს კომპანია სილქნეტი. დაარსების დღიდან, ბრენდი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. მაშინ, როცა ძალიან ცოტას სჯეროდა ზამთრის სპორტის განვითარების და საქართველოს პოტენციალის, კომპანიამ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას მხარდაჭერა აღუთქვა და თანმიმდევრული თანამშრომლობით, არაერთ საერთაშორისო რანგის ტურნირის ორგანიზებისას გვერდში დაუდგა, ხელი შეუწყო საქართველოს ნაკრების და ცალკეული სპორტსმენის საერთაშორისო შეჯიბრში ასპარეზობას. ამ წლებმა ლოგიკურად მიიყვანა ქვეყანა, ისეთ წარმატებულ სპორტულ ღონისძიებამდე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია.
საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენიც სილქნეტი გახდა.
დღეს უკვე, ზამთრის სპორტის კალენდარზე სამომავლო გეგმები და საქართველოსთვის ახალი გამოწვევების კონტურები გამოიკვეთა. მომდევნო სამი წლის საშეჯიბრო კალენდარი ხორვატიაში, ფედერაციების შეკრებაზე გაიწერა. ასევე მზადება დაწყებულია, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, სადაც 18 წლამდე ასაკის, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენი იასპარეზებს.
(რ)