მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაკურიანი ინნ“-ი თანამშრომელთა ოჯახის სტუდენტ წევრებს სწავლას სრულად დაუფინანსებს

6332e19000e0a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.22 15:45
1551
სასტუმრო „ბაკურიანი ინნი“ სტუდენტ თანამშრომლებს ან თანამშრომელთა ოჯახის სტუდენტ წევრებს სწავლას სრულად დაუფინანსებს - ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

„და აი ისიც, პროექტი, რომელზეც ერთი წელი ვმუშაობდით!

დღეიდან სასტუმრო #ბაკურიანიინნ სტუდენტ თანამშრომლებს, ან თანამშრომლების ოჯახის წევრებს სწავლას სრულად დაუფინანსებს.

თუ თქვენც ხართ სტუდენტი, ან თქვენი ოჯახის წევრს სურს სწავლა, შემოუერთდით "ბაკურიანი ინნ" დიდ გუნდს და მიიღეთ დაფინანსება.

"ბაკურიანი ინნ" დაგეხმარებათ თქვენი წარმატებული მომავლის შექმნაში“, - ნათქვამია სასტუმროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

BM.GE დეტალების გასარკვევად სასტუმროს მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელ დირექტორს ერეკლე კოკაიას დაუკავშირდა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა. დაფინანსების პროექტი საცდელი იქნება და ინტერესის შემთხვევაში შესაძლოა სხვა სასტუმროებშიც ამოქმედდეს.

„დიდი ხანია ვფიქრობთ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში რა მხარდაჭერა შეგვეძლო აღმოგვეჩინა ჩვენი თანამშრომლებისთვის. ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სწავლისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსის არქონა წარმოადგენს, ამიტომ გვინდოდა ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს პრობლემა შეგვემსუბუქებინა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი თანამშრომლები სტუდენტები იქნებიან, ჩვენ მათ დავუფინანსებთ სწავლას, თუმცა რადგან ძირითადად სტუდენტების ოჯახის წევრები მუშაობენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან დასაქმებულების ოჯახის წევრებისთვისაც დაგვეფინანსებინა სწავლის გადასახადი. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლის ოჯახის ერთ წევრს დავუფინანსებთ სწავლას.

პროექტისთვის ბიუჯეტი განსაზღვრული არ არის. რამდენი მსურველიც გამოჩნდება, იმდენს დავაფინანსებთ.

ეს საცდელი პროექტია და მხოლოდ ბაკურიანში დავიწყეთ მისი განხორციელება. შევხედავთ თუ გამოიწვევს ინტერესს დასაქმებულთა შორის, მაშინ სხვა სასტუმროების შემთხვევაშიც ამოქმედდება. ამ პროექტმა შეიძლება სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სხვა კომპანიებსაც წააქეზოს“, - განმარტა ერეკლე კოკაიამ.

აღსანიშნია, რომ „ბაკურიანი ინნ“-ი 80 ადამიანს ასაქმებს და დღეისთვის სასტუმროს 20 ვაკანტური ადგილი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები