მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაკურიანის ინფრასტრუქტურა ზამთრის სათხილამურო სეზონს გაახანგრძლივებს“ - ქვრივიშვილი

63a4488278e0b
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.22 16:35
846
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობის მიერ ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყო, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანში ზამთრის სათხილამურო სეზონს გაახანგრძლივებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე შეიძინეს სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ჯამში განხორციელდა დაახლოებით 265 მლნ ლარის ინვესტიცია.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები და შედეგად, ბაკურიანს ორი ხელოვნური რეზერვუარიანი ტბა, 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, ახალი საბაგირო და 6 საშეჯიბრო-სათხილამურო ტრასა აქვს. დღეს ბაკურიანს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანს დარჩება და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზამთრის სათხილამურო სეზონი გავახანგრძლივოთ, შედეგად ბაკურიანში მივიღოთ მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური, კურორტზე გავზარდოთ ვიზიტორთა გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში - იქნება ეს განთავსების, კვების ობიექტი თუ სხვა. მისი განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად ჩამოვლენ ყველაზე რეიტინგული, საერთაშორისო სპორტული მედიასაშუალებები. „ორი კვირის განმავლობაში ბაკურიანი იქნება სპორტული მედიის ეპიცენტრში, რაც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ბაკურიანის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის კუთხით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები