FIS Freestyle Skiing-ის ინფორმაციით, ბაკურიანში 2025 წლის 20–21 დეკემბერს გასამართი ფრისტაილის მსოფლიო თასი გაუქმდა.
გვერდი არაფერს წერს მიზეზზე, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციას გუშინ, 22 ნოემბერს ოფიციალურად აცნობა და თქვა, რომ ის ღონისძიების ორგანიზებაზე უარს აცხადებს.
bm.ge სათხილამურო ფედერაციას დაუკავშირდა. პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ გვითხრა, რომ შეჯიბრების 1 თვით ადრე გაუქმებაში განსაკუთრებული არაფერია.
"სახელმწიფოს 5-წლიანი განვითარების გეგმა ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ გასამართ თასზე რომელიც უნდა ჩატარებულიყო დეკემბერში, მხოლოდ ერთ სახეობაში გვყავს სპორტსმენი, სახელმწიფომ შეცვალა პრიორიტეტი. ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. წელიწადში მინიმუმ 15 შეჯიბრება უქმდება - შეჯიბრებების 10%.
ახლა ჩვენი პრიორიტეტია და გადავდივართ სპორტული სკოლების განვითარებაზე. რამდენი წელი უნდა ვხარჯოთ ფული... სექტემბერში გამოგვიგზავნეს გაიდლაინი, რასთანაც გვქონდა პრობლემა. პრიორიტეტების საკითხია. არაფერი განსაკუთრებული.
2027 წლიდან გვსურს, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის თასებს სპორტული მიმართულებებით", - განაცხადა ზურაბ კოსტავამ.
bm.ge ეკონომიკის სამინისტროს პოზიციის გაგებასაც შეეცდება.


























