მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალავარი: „2024 წელს ფასის ზრდას არ ველოდებით“

ბალავარი

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ბალავარისთვის“ 2023 წლის მთავარი პრობლემა კადრების დეფიციტი იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბესო თავბერიძე აცხადებს, წელი დატვირთული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივაც, რამაც ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის არსებობა უფრო გაამწვავა.

„მთავარი გამოწვევა არის მუშახელი, ძალიან მიჭირს ამ ამბავში. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელშიც ასევე ვიღებთ მონაწილეობას, ბევრი დავამთავრეთ, ასევე მოვიგეთ დიდი სკოლის ტენდერიც კახეთში და რეალური პრობლემა რასაც ვაწყდებით, არის მუშახელი“, - უთხრა BMG-ის თავბერიძემ.

მიუხედავად კადრების მხრივ არსებული გამოწვევებისა, კომპანიაში 2023 წელს წარმატებულად აფასებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ბინების დიდი ნაწილი გაყიდული, მოთხოვნა კი თვიდან თვემდე მზარდია. რაც შეეხება ფასებს, „ბალავარში“ 2024 წელს ბინებზე ფასის ზრდას არ პროგნოზირებენ.

„2023 წელი წარმატებული წელი იყო, ის პროექტები რაც დაწყებული იყო აქტიურ ფაზაში შევიდა. კარგი ტემპებით მიდიოდა გაყიდვები, მართალია მშენებლობა გაგვიძვირდა, მაგრამ ფასებმაც მოიმატა და დააბალანსა ერთმანეთი. ორი პროექტი მუხიანში და ვაზისუბანში დავასრულეთ, აქ მშენებლობის დროსვე ყველაფერი გაყიდული იყო. ორი პროექტი გვაქვს მიმდინარე, რომელიც 2024-ში დასრულდება, ესენია ლისზე და ქავთარაძეზე. ქავთარაძე სრულად და ლისზე სადღაც 80% უკვე გაყიდულია. რეალურად მოთხოვნა არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ბოლო თვეებში ინტერესი მცირდება.

ფასის ზრდას ჩვენ 2024 წელს არ ველოდები. რაღაც ზღვარია, რომლის იქითაც მოსახლეობისთვის რთული იქნება ბინების შეძენა. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ მიწოდება და მოთხოვნა აბალანსებს ერთმანეთს და ამ მხრივ ძვრას არ ველოდებით.“ - აცხადებს თავბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები