მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Baldi-ს, Mandarina-ს სამკაულები ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა - MOMXMAREBELI.GE

5f8bf4e59344f
BM.GE
18.10.20 12:00
5685
ვებ-გვერდი MOMXMAREBELI.GE თბილისის მაღაზიებში შეძენილი სამკაულების კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 24 დასახელების სამკაული და გაგზავნეს აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. 7 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.
“შემთხვევითი შერჩევით შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, კვლევის შედეგად, 7 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ასეულჯერ ან ათასეულჯერაც კი აჭარბებს დაშვებულ ნორმებს.
“აღსანიშნავია, რომ ბიჟუტერიის კვლევისას თითოეული ნიმუში შემადგენელ დეტალებად იშლება და ცალ-ცალკე მოწმდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ნიმუშები სრულად ვერ შემოწმდა.

ანალოგიური კვლევა შარშანაც ჩავატარეთ და მისი შედეგებიც სავალალო იყო. 29 ნიმუშიდან 12 მავნე აღმოჩნდა. სრული ინფორმაციისათვის იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/211/6662.

ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას”,- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე მოცემულია ის ნიმუშები, რომლებიც კვლევის დროს შემოწმდა, შედეგად, ვებგვერდის ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა ისეთი ბრენდების სამკაულები, როგორებიცაა: Yuzuk,„ნავნე“,„დაიმონდი“, Fashion Jewellery,„მანდარინა“,„ბალდი”.

აღსანიშნავია, რომ შემოწმდა ასევე Mango-ს, H&M-ის, Stradivarius-ის, Bershka-ს სამკაულები, სადაც კვლევამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბრენდებში, რომელთა სამკაულებში დარღვევა აღმოჩნდა, შემოწმდა სხვა ერთეულებიც, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩენილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები