გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
როგორც bm.ge-ის გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ ყველა მხარისთვის ბალდის კანიონის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია, რაც პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობას ითვალისწინებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აქტიური კომუნიკაციით, ბალდის პროექტთან დაკავშირებით განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე მისი ეკოტურისტული პოტენციალის გამოვლენა და გათვალისწინება. შეფასება განხილული იქნება ყველა დაინტერესებული ექსპერტის და მხარის ჩართულობით. ჩვენ დასკვნებს მივაწვდით როგორც მოსახლეობას, პირისპირ შეხვედრის დროს, ისე დაინტერესებულ მხარეებს საკონსულტაციო საბჭოს შემდგომ შეხვედრაზე“, - განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სააგენტოს არ გააჩნდა, საკონსულტაციო საბჭოს მხრიდან რეკომენდაციის სახით დაისვა საკითხი ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო უზრუნველყოფს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას ექსპერტების ჩართულობით.
შეხვედრის დასასრულს, საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გასვლითი შეხვედრა გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკოს“ დირექტორმა ირაკლი მაჭარაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბიომრავალფეროვნების კვლევის ჩატარების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს, არსებული პროექტი როგორ ზეგავლენას მოახდენს კანიონზე.
„ხაზგასმა უნდა მოხდეს დაცული ტერიტორიების სისტემაში ბალდის კანიონის მნიშვნელობაზე, ამიტომ შეფასება უნდა იყოს არა მარტო ტურიზმის კუთხით, არამედ ამ კუთხითაც, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას, როგორც დაცულ ტერიტორიას“, - განაცხადა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, ეკოტურიზმის მიმართულების ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.