ბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის და კომპანია „ჩერი.ჯის“ თანადამფუძნებლის, დავით ჭუბაბრიას განცხადებით, ბალი იმ რამდენიმე პროდუქტს შორისაა, რომელთა ევროპაში ექსპორტიც პერსპექტიულია. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში ჭუბაბრიამ აღნიშნა, ყველაზე მიმზიდველი ბაზრები ქართული ბლის ექსპორტისთვის ევროპა და ჩინეთია.
„ევროპა პერსპექტიულია, ვინაიდან მათი შიდა წარმოება მოხმარების მხოლოდ 15%-ია. ევროპაში ძირითადად გავრცელებულია ალუბალი, რომლის მექანიკური კრეფა ხდება და ის შესაბამისად გამოიყენება ჯემების და კონსერვების წარმოებისთვის. ფრეშ მარკეტზე მექანიკურად ნაკრეფი ვერ გაიყიდება, ამიტომ იქ, ბლის 85% იმპორტზე მოდის. ამის ფონზე, ჩვენ თუ სწორ საფასო სეგმენტში გავალთ სწორი პროდუქტით, შეუზღუდავი შესაძლებლობებია.
ჩინეთიც არანაკლებ საინტერესოა. ჩინეთთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ არ გვაქვს ფიტოსანიტარიული პროტოკოლი შემუშავებული. რეგულაციები ორივე მხრიდან უნდა შემუშავდეს, შესაბამისი სტრუქტურები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდნენ და შეიმუშაონ. ამის შემდეგ, ჩინეთში ბაჟის გარეშე შესვლის შედეგად, თურქეთიც და სხვა ქვეყნებიც დაინტერესდებიან საქართველოში ბლის წარმოებით“, - განაცხადა დავით ჭუბაბრიამ.
როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბლის ყველაზე დიდი მწარმოებელი თურქეთია, საუკეთესო პოტენციალი აქვს ქართულ ბალსაც, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გვექნა ის ჯიშები და იმ აგროსაშუალებებით მოყვანილი ხილი, რომელიც მსოფლიოში მოთხოვნადია. ჭუბაბრია ბლის ჯიშებსა და ზომებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქვეყანაში გვჭირდება ახალი ჯიშის ბლის გაშენება მასობრივად.
„საქართველოში ბლის საშუალო ზომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იშვიათადაა 30 მმ-ზე მეტი. ძირითადად, გვაქვს 26-28 მმ-იანი ჯიშები. ჩემს ბაღში კი [ჩერი.ჯი] ჯიშების თითქმის 100% აჭარბებს 30 მმ-ს. მსგავსი ბაღები საქართველოში თითქმის არ არის. არადა, ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა. მაგალითად, თურქული წარმოება, რომელიც ძალიან დიდია, და ძირითადად საექსპორტო ბაზარზე მუშაობენ, მეტწილად არის 30 მმ-ზე ნაკლები. ევროპელი მწარმოებლები კი ცდილობენ, რომ დიდი ზომის და ახალი ჯიშების გემოვნური თვისებებით გამორჩეული ბალი აწარმოონ, რათა თურქულ ბალს გაუწიონ კონკურენცია. ამიტომ არის ახალი ჯიშები, რომლებიც 32-34 მმ-ზე მეტია და შესაბამისად, სხვა საფასო სეგმენტში გადადიან. 2-ევროიან სეგმენტში თურქეთს ვერ უწევენ კონკურენციას, ხოლო 4-6-ევროიან სეგმენტში - უწევენ, ვინაიდან ეს სეგმენტი თურქეთში განვითარებული არაა.
ჩვენ კი, ბუნებრივი პირობები გვიწყობს ხელს უფრო მეტად, ვიდრე ევროპელებს და არანაკლებ თურქეთის ზოგ რეგიონს, ვაწარმოოთ ასეთი ზომის ბალი და შესაბამისად, ექსპორტზე გავიტანოთ“, - განმარტა მან.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველოდან ბლის ექსპორტი გაიზარდოს, შესაბამის ჯიშებზე ყურადღების გამახვილების გარდა, საჭიროა ფერმერებმა თანამედროვე აგროღონისძიებებზეც იფიქრონ, - „იგულისხმება დარგის სიხშირე, მორწყვის სისტემა, წვიმა საწინააღმდეგო გადახურვა, ყინვა საწინააღმდეგო სისტემა, მოსავლის აღების შემდეგ დამუშავება და სხვა. ჩვენ ბაღის გვერდზე გვაქვს მაცივარი, სადაც მოკრეფიდან 1 საათში ვაცივებთ ხილს.
მსგავსი ტექნოლოგიური თუ აგრონომიული შესაძლებლობების გარეშე, რუსეთის ბაზარზე მეტ-ნაკლებად ვართ, მაგრამ იქაც დაბალ სეგმენტში. მაგალითად, ჩვენი ექსპორტი თუ არის 2 ევროს ფარგლებში, უზბეკური ბალი, რომელმაც გაგვისწრო, არის 4-ევროიან სეგმენტში“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ბლის ექსპორტი შემცირდა. გასულ წელს ჯამურად ქვეყნიდან 433 050 აშშ დოლარის 262 ტონა ბალი გავიდა, 2023 წელს კი - 481 740 აშშ დოლარის 308 ტონა. ქართული ბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, სადაც გასულ წელს 426 570 აშშ დოლარის 261 ტონა ბალი გავიდა. მცირე რაოდენობით ბალი 2024 წელს გავიტანეთ სომხეთშიც (6,4 ათასი აშშ დოლარის 1,3 ტონა).



























