საბჭოთა კავშირის დატოვებიდან თითქმის 3.5 ათწლეულის შემდეგ, ბალტიის ქვეყნები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა - რუსულ და ბელორუსულ ელექტროქსელს ეთიშებიან. ნაცვლად რუსული ენერგიისა, სამივე ქვეყანა ევროპელ მომწოდებლებზე გადაეწყობა.
რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა გეოპოლიტიკური და სიმბოლური ჟესტია. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, ბალტიის ქვეყნებმა ენერგოდამოუკიდებლობისთვის მუშაობა კიდევ უფრო გააძლიერეს.
"ეს არის ფიზიკური გათიშვა რუსულ და ბელორუსულ ენერგოსისტემაზე ჩვენი დამოკიდებულების სულ ბოლო ელემენტისგან", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.
ბალტიის ქვეყნები რუსულ ელექტროქსელს მიმდინარე კვირის ბოლოს გამოეთიშებიან. ვილნიუსში უკვე დაიდგა 9-მეტრიანი საათი, რომელიც დროს სწორედ იმ წამამდე ითვლის, როდესაც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთზე დამოკიდებულებას აღმოფხვრიან.
16 ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან და ბელარუსთან აკავშირებდა, წლების განმავლობაში ეტაპობრივად გაუქმდა. მათ ნაცვლად უკვე აშენდა ახალი ქსელი, რომელიც ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ევროკავშირთან აკავშირებს.
8 თებერვალს ბოლო გადამცემი ხაზები, რომლებიც ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან აკავშირებს, საბოლოოდ გაითიშება.