ევროპასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, გაიხსნა ახალი მაგისტრალი, რომელიც ბალტიის სამ სახელმწიფოს პოლონეთთან აკავშირებს.
მაგისტრალი, სახელწოდებით Via Baltica, გაივლის ბელარუსსა და რუსეთის ანკლავ კალინინგრადს შორის მდებარე ვიწრო ზოლს, რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც პოტენციურ სამიზნეს, რუსეთის ნატოზე თავდასხმის შემთხვევაში.
ქვეყნებს შორის საზღვარზე გამართულ გახსნის ცერემონიაზე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადეს, რომ გზა რეგიონის უმნიშვნელოვანესი დერეფანი იყო და ხაზი გაუსვეს მის როლს რეგიონის თავდაცვაში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ნატოს ჯარისკაცები Via Baltica-ს გავლით უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, ბალტიის ქვეყნებისთვის დახმარების საჭიროების შემთხვევაში.
"ამ გზას ორმაგი დანიშნულება აქვს - ის დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას და გააძლიერებს ჩვენი რეგიონის თავდაცვისუნარიანობას", - განაცხადა ნავროცკიმ.
პოლონეთი და მისი ბალტიისპირელი მეზობლები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში არიან მას შემდეგ, რაც სექტემბერში რამდენიმე დრონი, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთიდან იყვნენ, პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, ხოლო რუსულმა გამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.
970 კილომეტრიანი Via Baltica პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იწყება და ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს გაივლის, სადაც ტალინში მთავრდება. მაგისტრალის პოლონური მონაკვეთის მშენებლობას 10 წელზე მეტი დრო და 11 მილიარდ ზლოტზე (2.6 მილიარდ ევროზე) მეტი დასჭირდა, საიდანაც თითქმის 1 მილიარდი ევრო ევროკავშირის დაფინანსება იყო.
ლიეტუვის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მაგისტრალის ჩრდილოეთის მიმართულებით მოქმედი რამდენიმე მონაკვეთი ჯერ კიდევ მხოლოდ ორზოლიანია და მოგვიანებით გაფართოვდება.
ასევე მშენებლობის პროცესშია თანმხლები რკინიგზის პროექტი, Rail Baltica, რომლის პირველი მონაკვეთები 2030 წლისთვის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. ტალინიდან პოლონეთის საზღვრამდე მიმავალი ახალი 870 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა რამდენჯერმე შეფერხდა.




























