ხის დეკორისა და მცირე ზომის ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ "ბამო" ბრენდული მაღაზია BAMO Shop გახსნა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, თეკა ჯამაკაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მაღაზია გარდა პროდუქციის რეალიზაციისა, ე.წ. ვორქშოფ სივრცესაც მოიცავს, სადაც მსურველებს მუშა პროცესში ჩართვაც შეუძლიათ.
"ერთი თვე იქნება, რაც BAMO SHOP გავხსენით, სოლოლაკში. თუმცა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, არ "გვიხმაურია".
მაღაზიის გახსნის მიზეზი ისაა, რომ ვხედავდით, რეალურად სივრცე გვჭირდებოდა, სადაც მომხმარებელს ადგილზე მოსვლა და პროდუქციის ისე შეძენა შეეძლებოდა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პროდუქცია თბილისში და არა მხოლოდ, ფიზიკურად იყიდება მაინც ვფიქრობდით, რომ ჩვენი ბრენდული მაღაზია გვქონოდა, სადაც ადამიანებს იმ ზღაპრულ გარემოს გადავცემდით, რაც გაქვს.
იქიდან გამომდინარე, რომ სოლოლაკში ტურისტულად აქტიურ ტერიტორიაზე ვართ, ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ტურისტები არიან. ჩვენი მაღაზიის სივრცე იჯარით გვაქვს აღებული. შესაბამისად, მასში განსაკუთრებულად დიდი ინვესტიცია არ განგვიხორციელებია",- აცხადებს თანადამფუძნებელი.
მისივე ცნობით, მაღაზიაში ამ ეტაპზე 1 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. ამასთან, თავადაც აქტიურად არიან მაღაზიის მუშაობის პროცესში ჩართული და ხშირად, კონსულტანტობასაც ითავსებენ, რათა მომხმარებლის პულსზე მუდმივად ხელი ეჭიროთ.
რაც შეეხება სიახლეს, კომპანია მიმდინარე წელს, საბავშვო სათამაშოების ხაზის ამოქმედებასაც გეგმავს, რადგან მომხმარებლებს მეტი არჩევანი შესთავაზონ.
ცნობისთვის, ხის ფიგურებისა და მცირე ზომის ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ბამო" საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა. ისინი სამი ტიპის პროდუქტს აწარმოებენ - არტ-დეკორი, საბავშვო სათამაშოები და მცირე ზომის ავეჯი.