აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამით, ბანკებს ამა თუ იმ პროექტში ინვესტორების გაყოლის რისკი ეზრდებათ - ასე აფასებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ აგრობიზნესის ხელშეწყობის ახალ მოდელს.
“ჩვენ მთავარი შენიშვნა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ პოსტფაქტუმ ხდება იმ ხარჯების წილის დაფარვა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. ეს ნიშნავს, რომ ბანკებს რისკი ეზრდებათ კონკრეტულ ინვესტორს, იქნება ეს ფერმერი თუ აგრობიზნესი, გაჰყვნენ ამა თუ იმ პროექტში” - აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი BM.GE-სთან ახალ პროგრამაზე საუბრისას.
ახალი მოდელში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სწორედ თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია.
ფერმერთა ასოციაციის შეფასებით, მთავარი პრობლემა სწორედ ხარჯების „პოსტფაქტუმ“ დაფარვის მოდელია, რის გამოც ფერმერს არ აქვთ საბოლოო გარანტია, რომ სამინისტრო პროექტს აუცილებლად მოიწონებს და თანხას გასცემს. რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ გაზრდილი რისკების გამო, ბანკები ფერმერებისგან მაღალ უზრუნველყოფას და ლიკვიდურ აქტივებს ითხოვენ. საშუალო ზომის საოჯახო მეურნეობებს კი, რომლებიც დარგის ბირთვს წარმოადგენენ, მსგავსი აქტივები არ გააჩნიათ, რაც პროგრამას მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის ხდის ხელმისაწვდომს.
"სახელმწიფო ეუბნება ბენეფიციარს, რომ შენ დახარჯე თანხა და შემდეგ აგინაზღაურებ, თუმცა არ არსებობს გარანტია იმისა, რომ სახელმწიფო მას აუნაზღაურებს იმ 50%-მდე ხარჯებს, რაც განსაზღვრულია პროექტით.
ამ შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტისთვის, რისკები მაღალია და ამასვე ამბობენ, რომ გვიჭირს გავყვეთ ინვესტიციას და იქ, სადაც გავყვებით, შესაბამისად ვითხოვთ მაღალ უზრუნველყოფას, რაც ძალიან ლიკვიდური აქტივია. საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თბილისში ბინა, ან უძრავი ქონება და ა.შ, რაც ხშირ შემთხვევაში ასეთ ინვესტორებს არ აქვთ.
ყოველ შემთხვევაში, იმ კატეგორიას, რომელიც შეიძლება იყოს ბირთვი და უნდა გახდეს ბირთვი საქართველოს სოფლის მეურნეობის - ეს არის საშუალო ზომის საოჯახო მეურნეობები, საოჯახო აგრობიზნესები - ამ კატეგორიას ყოველ შემთხვევაში ასეთი აქტივები არ აქვთ.
შესაბამისად გამოდის, რომ სამწუხაროდ, ასეთ მეურნეობებს არ ექნებათ ხელმისაწვდომობა მსგავსი პროგრამით ისარგებლონ და ისევ მივალთ იქამდე, რომ მხოლოდ მსხვილ ბიზნესებს შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიცია, ვისაც შეუძლია თამამად დახარჯოს სრული ინვესტიცია და შემდგომ დაელოდოს სახელმწიფოს ანაზღაურებას”, - აცხადებს რატი კოჭლამაზიშვილი.
ასოციაციის ინფორმაციით, ფერმერები აქტიურად გადიან კონსულტაციებს, თუმცა რთული კრიტერიუმების გამო, ბევრი მათგანი განაცხადის გაკეთების სხვადასხვა ეტაპზე ეთიშება პროცესს. შესაბამისად დაბალია პროგრამით სარგებლობის მასშტაბიც. პროგრამის ამოქმედებიდან 2 თვის თავზე სოფლის განვითარების სააგენტომ მხოლოდ 8 პროექტი მოიწონა, ამ ეტაპზე სამინისტრო არ ასაჯაროებს რამდენი განაცხადიდან შეირჩა აღნიშნული პროექტები.
აღსანიშნია ისიც, რომ არ არის გამორიცხული პროგრამაში მალე ცვლილებები შევიდეს. როგორც ირკვევა, განიხილება მოდელი, როცა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ბიზნესგეგმის მოწონების და ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თანხა, რომელიც მეწარმემ პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა მიიღოს, შესაძლოა, ბანკში დეპოზიტზე განთავსდეს, რაც ბანკისთვის დამატებითი გარანტია იქნება სესხის გაცემისას. ცვლილებების საჭიროება განახლებული სახელმწიფო პროგრამის ახალი მოდელით გაწერილმა წესებმა განაპირობა.
თუ თითქმის 13 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბენეფიციარს ბანკის მიერ დამტკიცებულ სესხს უსუბსიდირებდა, ახლა პირველად გადაწყვეტილებას თავად სოფლის განვითარების სააგენტო იღებს. სააგენტოსგან მოწონებული პროექტი და გაფორმებული ხელშეკრულება კი აგრობიზნესმენს შეუძლია ბანკში წარადგინოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიუჯეტიდან თანხა მხოლოდ განხორციელებული და დადასტურებული ინვესტიციის შემდეგ გაიცემა.
ახალ პროგრამაში თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 2 მილიონი ლარია. გამონაკლისია მხოლოდ მერძევეობის სექტორი. სიახლეა ისიც, რომ ახალ მოდელში15 მილიონიდან 4 მლნ ლარამდე შემცირდა სახელმწიფოს თანადაფინანსების ლიმიტი. პროცენტის თანაგადახდა 11%-დან 8%-მდე, ვადიანობა კი 66-დან 36 თვემდე ჩამოვიდა.




























