სადაზღვევო კომპანია "კოპენბურის" რებრენდინგის შემდეგ იგი ოპერირებას "თიბისი დაზღვევის" სახელით გააგრძელებს, თემის დეტალებით "ბიზნესკონტრაქტთან" "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა ღაძაძე საუბრობს.
- ბატონო პაატა, რებრენდინგი როგორ მიმდინარეობს?
- ჩვენ მიმდინარე წლის ოქტომბერში სადაზღვევო კომპანია "კოპენბური" შევიძინეთ. შეძენის პროცესი ლეგალურად დასრულდა. ახლა რებრენდინგი მიმდინარეობს და იგი უკვე ორი დღეა კომპანია "თიბისი დაზღვევის" სახელით ფუნქციონირებს. გაყიდვებს რაც შეეხება, გაყიდვები ’’თიბისი ბანკის“ გარდა ’’ბანკ რესპუბლიკაში“ მოხდება. "თიბისი დაზღვევა" მომავალი წლის 3 იანვრიდან ძალიან აქტიურად იქნება ჩართული ბაზარზე ახალი ტიპის პროდუქტებით. ავღნიშნავ, რომ ბაზარზე საკმარისად აქტიურები ვიქნებით.
- ვიცით, რომ "კოპენბურის" შემთხვევაში წამყვანი ავტოდაზღვევა იყო და რამდენადაც ჩვენთის ცნობილია, ეს მიმართულება შენარჩუნდება. თქვენ ადრე სიცოცხლისა და ქონების დაზღვევაზეც საუბრობდით, დაზღვევის ეს ტიპები რამდენად პერსპექტიულია, თუ გავითვალისწინებთ ერთი მხრივ, მოსახლეობის დაბალ მსყიდველინარიანობას და მეორე მხრივ, ეკონომიკის ზრდის ტემპს, რომელიც საკმაოდ შენელებულია?
- საქართველოში ზოგადად დაზღვევა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, აღარაფერი რომ ვთქვათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე, ნაკლებად არის განვითარებული. "კოპენბური" აქამდე ავტოდაზღვევებით გამოირჩეოდა. ჩვენ შევეცდებით, რომ პორტფელი მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს. კერძოდ, ავტოდაზღვევასთან ერთად, სამედიცინო დაზღვევის გარდა ყველა ტიპის დაზღვევა იქნება, მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქტებს შევთავაზებთ. სადაზღვევო ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება და მშპ-ში პენეტრაციაც იზრდება. ის ჯერჯერობით 1%-ზე ნაკლებია, თუ არ ვცდები, 0.6%-ია არასამედიცინო დაზღვევის ნაწილს თუ ვივარაუდებთ. წარმოდგენა რომ შეგვექმნას აღმოსავლეთ ევროპის მაგალითზე დაახლოებით 3%-4%-იან საშუალო დონეს უახლოვდება, ანუ ბაზრის პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე ბაზარზე დღევანდელი მდგომარეობა.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში არ შედიხართ და რატომ?
- სამედიცინო დაზღვევა ცოტა განსაკუთრებული ფენომენია, განსხვავებულ ინფრაქსტრუქტურას მოითხოვს, თუმცა ჩვენ საბოლოოდ უარს არ ვამბობთ, უბრალოდ საუბარია უახლოეს პერიოდში ამ პროექტის კარგად დამუშავებაზე და შემდგომ უკვე, როგორც მთლიანობაში თავისი ინფრასტრუქტურის ჩათვლით, ეს მიმართულებაც დიდი ალბათობით მალე განიხილება და გადაწყდება ჩაერთოს თუ არა. მომავალი წლიდან "თიბისი დაზღვევას" სამედიცინო დაზღვევა არ ექნება.
- თიბისი ჯგუფს საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი აქვს სესხებისა და დეპოზიტების კუთხით და მეორე მხრივ, როდესაც მის მფლობელობაში ასევე სადაზღვევო კომპანიაც იქნება, ეს ბაზარზე კონკურენციის თვალსაზრისით რა ცვლილებებს გამოიწვევს და აქ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტები ხომ არ ჩნდება?
- ინტერესთა კონფლიქტში არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ზოგადად ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებშიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვეულებრივ გაყიდვების პროცესში, განსაკუთრებით დაკრედიტების პროცესშიც, ’’თიბისი ბანკი“ აქტიურად თანამშრომლობს არა მხოლოდ ერთ ან ორ სადაზღვევო კომპანიასთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ჯიპიაი ჰოლდინგთან დღემდე შენარჩუნებული გვაქვს. მაგრამ თანდათანობით მან შესაძლოა მათთან ურთიერთობის ფორმატი შეიცვალოს. ჩვენ ასევე სხვა წამყვან სადაზღვევო კომპანიებთანაც ვთარნამშრომლობთ და ეს მხოლოდ კონკურენციის თემაა და არა ინტერესთა კონფლიქტის.
- ძალიან დიდი ხანი მიდიოდა მსჯელობა არაპროფილური აქტივები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა ყოფილიყო თუ არა. დღეს ეს გამიჯნულია, თქვენი ბანკის შემთხვევაშიც. რა იცვლება ამით თიბისი ჯგუფისთის და მომხმარებლისთისაც?
- მომხმარებლით დავიწყოთ, მისთვის, პირველ რიგში, შეიცვლება ის, რომ უკეთესი პროდუქტი უნდა იყოს, უკეთესი დაფარვის პირობები და ანაზღაურების გამარტივებული ონლაინ პროცესები იქნება, ციფრული სისტემები ამუშავდება. ადამიანები ნაკლებ დროს დახარჯავენ, როგორც პოლისის ყიდვის დროს, ასევე ზარალის ანაზღაურების დროს. ასევე ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სიახლე გვექნება.

























