საპენსიო აქტივების ინვესტირების სფეროს გაფართოება, თავად სააგენტოს მოთხოვნა იყო - ამის შესახებ bm.ge-სთან საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.
პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი ფართოვდება. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც.
კითხვაზე, განათავსებს თუ არა მომავალში საპენსიო ფონდი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ფულს, მელიქიძე პასუხობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან თავად პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია არ აქვთ.
მისი თქმით, სააგენტომ ინვესტორთა საბჭოსთან ერთად გააანალიზა რა საინვესტიციო სივრცე, დაასკვნა, რომ "გაიჭედებიან ამ თანხის დაბანდებაში", თუ ახალი საინვესტიციო სივრცე არ გაჩნდება.
"რთულია. ყველა პროექტი არის თავიდან გასაანალიზებელი, დასასტრუქტუირებელი. ის, რომ ჩვენ გვჭირდებოდა სხვა აქტივებში ინვესტირება, ჩვენგან მოდის. ჩვენ ვითხოვეთ, რადგან მაღალი ლიკვიდურობა შემოდის და ვერ ვათავსებთ ამ თანხებს. ბანკები ამოიწურა, ობლიგაციების ბაზარი ამოიწურა, ობლიგაციებში სულ ვერ შევალთ. ამიტომ, გვინდა სივრცე, სადაც ამ თანხებს დავაბანდებთ. რომელიც პირველ რიგში კარგია და ეხმიანება მონაწილის ინტერესს. გრძელვადიან პერიოდში გვაძლევს მეტ ამონაგებს. ნაკლები კორელაცია აქვს ბაზართან. მაგალითად, შენ თუ ლათინურ ამერიკაში ფული გაქვს ჩადებული და ლათინურ ამერიკის აქციები დაბლა ჩამოვიდა, აქ გათვლილი გაქვს რამდენზე გადიხარ. ამას ჰქვია აბსოლუტური ამონაგების დინამიკა პორტფელში. დივერსიფიცირების კარგი საშუალებაა, კარგად თუ გააკეთებ და კარგად რომ გააკეთო, ამას უნდა კომპლექსური ანალიზი", - განაცხადა გოგოა მელიქიძემ BM.GE-სთან.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას მხოლოდ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით, ფასიანი ქაღალდების საშუალებით შეძლებს. საპენსიო დანაზოგებით პროექტებში პირდაპირი ინვესტირება, ანუ სესხის გაცემა არ განიხილება.