თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში არსებული ბანკების რაოდენობა ბევრია და საშუალოვადიან პერიოდში, მათი რაოდენობა შემცირდება. ბუცხრიკიძის თქმით, იმ ზომის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საშუალოდ 7-10 ბანკი უნდა ოპერირებდეს.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მხრიდან ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის გაზრდას, ბუცხრიკიძე ამბობს, რომ წარმატებული საფინანსო ნსტიტუტის არსებობისთვის 50 მილიონიც არაა საკმარისი.
"ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ 50 მლნ არ არის საკმარისი, რომ წარმატებული საბანკო ინსტიტუტი არსებობდეს. ამისთვის გაცილებით მეტი ინვესტიციაა საჭირო და ეს ბუნებრივი მოთხოვნაა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაოდენობა ბანკების საკმაოდ დიდია და ალბათ საშუალო ვადაში მოსალოდნელია რომ ბანკების რაოდენობა შემცირდება.
იმისთვის რომ ბანკი იყოს წარმატებული და წარმოდგენილი იყოს ერთ ან რამდენიმე სეგმენტში, 50 მილიონიანი ინვესტიცია არაა საკმარისი. ამისთვის რამდენიმე ასეულის ინვესტიციაა საჭირო.
ჩვენი კაპიტალი მილიარდზე მეტია. ქვეყანა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე ნაკლებია, რაოდენობა ბანკების დღეს ბევრია. შესაბამისად, საშუალო ვადაში ისეთი ზომის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ალბათ საკმარისი უნდა იყოს მაქსიმუმ 7-დან 10 ბანკამდე", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

























