მთავარი შენიშვნა, რაც ბანკების ასოციაციას დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემის შემოღების კანონპროექტთან დაკავშირებით ჰქონდა ინსტიტუტის ამოქმედების ვადებს უკავშირდებოდა. როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა "ბიზნესკონტრაქტთან" განმარტა, თავის დროზე საუბარი იყო აღნიშნული ცვლილებები ძალაში შესულიყო 2015 წლიდან, შესაბამისად ფიქრობენ, რომ 2018 წელი ოპტიმალური ვადაა ინსტიტუციური ცვლილებებისთვის. გიორგი ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ როცა ასეთი ინსტიტუტის ამოქმედება ხდება, ის ასახავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს.
"საბანკო სექტორში სერიოზული რყევები არასდროს ყოფილა. ბოლო 15 წელი არ დამდგარა პრობლემა მეანაბრეებისთვის, რადგან დეპოზიტარების ინტერესები მაქსიმალურად იყო დაცული. დეპოზიტების დაზღვევის ინსტიტუტის შემოღება ეკონომიკური სიტუაციის ინსტუტუციონალიზაციისთვის არის კარგი’’-განმარტავს გიორგი ცუცქირიძე.
მისი თქმით, იქ სადაც ხდება დეპოზიტების დაზღვევის ინსტიტუტის შემოღება, იქმნება სადაზღვევო ფონდები, სადაც ხდება ბანკების გაღებული თანხების აკუმულირება. "ამ ტიპის ინსტიტუტის შექმნა მიბმულია ფასიანი ქაღალდების ბაზართან. ეს თანხები ბუნებრივია უნდა განთავსდეს ფასიან ქაღალდებში. ეს სტიმულატორიც არის ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის ფორმირებასთან", - აცხადებს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემის ამოქმედება გულისხმობს შესაბამისი სააგენტოს შექმნასაც,რომელიც საბანკო სექტორის ინფორმაციით, შესაძლოა ეროვნული ბანკის, მთავრობის და ბანკების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდეს.

























