საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ის გადაწყვეტილება იყო ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომ გაიმიჯნა ბანკი და მისი აქციონერი და ეს მოხდა კეთილი ნების გამოხატვით აქციონერების მხრიდან.
„თიბისი ბანკი“ აგრძელებს ფუნქციონირებას, არანაირი საფრთხე მის წინაშე არ დგას", - აცხადებს ძნელაძე.
კითხვაზე - აჩენს თუ არა კითხვებს, რატომ დაინტერესდა ეროვნული ბანკი და ფინანსური მონიტორინგის სამსახური 11 წლის წინანდელი ტრანზაქციით, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
"არ ვიცი სადაო რამდენად არის ეს საკითხი. ალბათ კითხვები არის დასასმელი. ალბათ როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა დავუსვათ ეს კითხვები. გააჩნია, ვისი ეგიდით მიმდინარეობდა შემოწმება ბანკში და ვის მიერ მოხდა საკითხის იდენტიფიცირება", - აცხადებს ძნელაძე.

























