საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი თიზ-ების განცხადებას ეხმაურება. საქმე ეხება საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომერციულ ბანკებს თიზის საწარმოების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აქვთ და ძალიან მარტივად ეუბნებიან უარს საბანკო ოპერაციებზე. როგორც ალექსანდრე ძნელაძე bm.ge -ს განუცხადა იგი ზემოთაღნიშნულ საკითხს იცნობს.
„პრობლემას ვიცნობ, იქიდან გამომდინარე რომ მსმენია ამ პრობლემის შესახებ, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ბანკები თიზ-ის კომპანიებს ანგარიშებს არ უხსნიან. ნებისმიერი კომპანია, რომლის სტრუქტურაც არის ძალიან რთული და ბენეფიციარი მფლობელის იდენტიფიცირება არაგამჭვირვალეა, ყველასთან ურთიერთობა ჭირს ნებისმიერი ბანკის მხრიდან. რაც შეეხება თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, ამ შემთხვევაში იქ უფრო ხშირად არის ასეთი რთული სტრუქტურის კომპანიები, რომელთან ურთიერთობაც უფრო მეტად რთულია, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს ურთიერთობა შეიძლება მოიცავდეს ანგარიშების გახსნას, მაგრამ შემდგომ შესაძლოა ანგარიშიც გახსნის შემდეგ, თანხების ბრუნვის საკითხშიც შეიქმნას გარკვეული პრობლემები. ბრუნვისა თუ ნებისმიერი ტრანზაქციის შინაარსის სისწორის დადასტურება მოხდება თუ არა, ეს ინდივიდუალურად ბანკების მხრიდან არის გადასაწყვეტი.“- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დღეს საბანკო სექტორი იმდენად გამჭვირვალე და ღიაა, რომ გარკვეულ დაშვებებზე ვერ წავა და გამონაკლისებს ვერ დაუშვებს ამა თუ იმ კომპანიის მიმართ.