„ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების ფლობის საკითხის შესწავლა დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დაევალება“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის იმ კითხვას, რომელიც ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების ფლობის კანონის დონეზე დარეგულირების საკითხს შეეხებოდა, რასაც სადაზღვევო სექტორი ითხოვს.
ინდუსტრია ირწმუნება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე ადგილი აღარ რჩება.
ეკონომიკის მინისტრი ბანკების რეგულირების ქვეშ მოქცევამდე ბაზრის შესწავლის მომხრეა.
გიორგი ქობულია აცხადებს, რომ საკითხს როგორც - ეკონომიკის, ისე ფინანსთა სამინისტროები შეისწავლიან და პირველ რიგში, საქმის შესწავლა დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დაევალება.
„ჩვენ უნდა შევისწავლოთ სიტუაცია. არ არის ეს მარტივი საქმე, რთულია. არის ქვეყნები, სადაც გამიჯნულია საბანკო და სადაზღვევო სექტორები, მაგალითად შეერთებულ შტატებში. არის ბევრი ქვეყანა, სადაც ეს არ არის გამიჯნული, მაგალითად ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი. ძალიან უნდა გავფრთხილდეთ აქ, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი სადაზღვევო სექტორი, უნდა განვითარდეს ეს სექტორი მომავალში და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ისე დაფიქრებულად, რომ ეს სექტორი არ დაზიანდეს. ამას შეიწავლის ეკონომიკის სამინისტრო, აგრეთვე ამას შეისწავლის ფინანსთა სამინისტრო და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადაზღვევოებს ჰყავთ თავისი სააგენტო, დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო, რომელსაც პირველ რიგში, დაევალება შესწავლა ამ საკითხის შესწავლა“, -აცხადებს გიორგი ქობულია.
შეგახსენებთ, 12-მა სადაზღვევო კომპანიამ საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესების თხოვნით უკვე მიმართა როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს, ეროვნულ ბანკსა და დაზღვევის ზედამხედველობის საააგენტოს.