მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბანკების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების უზრუნველყოფაზე შეზღუდვის გამო, დარგმა 200 მლნ დაკარგა"

5c7685f49686b
დათო ჯალაღონია
27.02.19 16:41
996
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია განმარტავს, რა პრობლემებს მოაგვარებს „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ ახალი კანონი.

ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებს ახალი საკანონმდებლო პაკეტი გააცნო.

„პირველი, ეს აგვარებს იმ თემას, რომ დღეს დარგულირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხი, მათ შორის, ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრი ტრანზაქცია გაჩერდა და დაახლოებით, 200 მილიონი ლარი ვერ შევიდა აგრარულ სექტორში, გამომდინარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც უზრუნველყოფის საგნად განკარგვის შეზღუდვის გამო. შესაბამისად, ეს არეგულირებს, მათ შორის, წაახალისებს აღნიშნულ მიმართულებას კანონი, რათა მიწამ მიიღოს უფრო ლიკვიდური აქტივის სახე, თუმცა ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ არის მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვის მატარებელი რესურსი. მას ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს. ეს არის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, მისი რაციონალური გამოყენების საკითხი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

გარდა ამისა, ოთარ დანელიას ინფორმაციით, კანონი სანქციებსაც აწესებს.

„განსაზღვრულია გარკვეული სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის, საჯარიმო სანქციებს იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტი სტიმული მიწის დამუშავებისა“, - აღნიშნა დანელიამ.

ასევე, დანელიამ განმარტა, რომ კანონი მიწის მართვის ეროვნული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ბალანსის შექმნაზე იმუშავებს.

„დაახლოებით, 50 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნო მიწა გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საკუთრებაში, მაგრამ ვერასდროს ვამბობთ, რამდენია იურიდიული პირების საკუთრებაში, რომელთა 100%-იან წილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ. ეს ხვრელი იპოვეს თავის დროზე, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ნაწილში და შესაბამისად, პრაქტიკაში დაინერგა სასწრაფო წესით იურიდიული პირების რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, საქართველო ქმნის ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს, ძალიან გამარტივებულია მიწის რეგისტრაცია და შესაბამისად, ეს იყო გამოსავალი, ვინაიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე პირობებისა და ვალებულებების გარეშე გასხვისების საკითხს და დღეს არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის მიწაა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში რეგისტირებულ ბიზნეს სუბიექტებზე“, - განაცხადა დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მიწის რესურსის მართვასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტებს პარლამენტი დაახლოებით, თვენახევრის განმავლობაში განიხილავს და შემდეგ დაამტკიცებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები