„ჩვენი და კომერციული ბანკების ბრძოლა ეროვნულ ბანკთან იმასთან დაკავშირებით, რომ იპოთეკური სესხების აღება ლარში გამარტივებულიყო დიდი ხანი მიდიოდა,“ - ასე ეხმაურება „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე ფაქტს, რომ ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20% -იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდულებით შეაფასებენ.
როგორც აბულაძე განმარტავს, ის, რომ იპოთეკური სესხების აღება ლარში გამარტივდა სამშენებლო სექტორში სიტუაციას განმუხტავს.
„ეროვნულ ბანკთან მიდიოდა დისკუსიები და კამათი. რეალურად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიციაა, რომელიც დათმეს. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ როდესაც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან საბანკო რეგულაციები ძალაში შევიდა, მანამ, სანამ ეს მოხდებოდა ჩვენ სექტორთან არანაირი კონსულტაცია არ მომხდარა და ეროვნულ ბანკს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ 6 თვეზე, როდესაც საბანკო რეგულაცია ჩვენ სექტორში შემოიტანა და გაყიდვების კუთხით დაახლოებით 40%-იანი შემცირება იყო. შეღავათები, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც სიტუაციას განმუხტავს და გაყიდვები ჩვეულ ტემპს დაუბრუნდება,“ - განაცხადა აბულაძემ.
თორნიკე აბულაძე ასევე მიიჩნევს, რომ სიახლე მეორადი ბინების გაყიდვას შეუწყობს ხელს, რადგან ახალი ბინების მიწოდება ბაზარზე ბოლო პერიოდში (რეგულაციების გამო) შემცირებულია.

























