მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბანკებს შეუძლიათ ჰყავდეთ კომპანიები, რომლებიც დაზღვევას განახორციელებენ - ესაა რეალობა"

5c28d09bb5a65
თელარა გელანტია
30.12.18 19:23
1558
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ჰყავდეთ თავიანთი კომპანიები, რომლებიც სადაზღვევო მომსახურებას განახორციელებენ - ესაა რეალობა“.

ასე უპასუხა გვენეტაძემ „ანალიტიკის“ კითხვას, რომელიც 12 სადაზღვევო კომპანიის მიერ მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მისამართით წარდგენილ ერთობლივ განცხადებას შეეხებოდა და რომელშიც სადაზღვევო ინდუსტრია „ბანკების ექსპანსიის“ შეჩერებას ითხოვს.

სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის გაეცნო ინდუსტრიის მოთხოვნას, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ „დაზღვევა ფინანსური პროდუქტია“.

„ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის შესაბამისად, დაზღვევა საფინანსო პროდუქტია და ბანკებს შეუძლიათ, ჰყავდეთ თავიანთი კომპანიები, რომლებიც დაზღვევას ახორციელებენ - ესაა რეალობა. ანუ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები ესაა ფინანსური ინსტრუმენტი; აქედან გამომდინარე, კომერციულ ბანკებს აქვთ საშუალება, განავითარონ ეს პროდუქტი; როდესაც საქმე ეხება კონკურენციას ამ საკითხში, მოგეხსენებათ, რომ სადაზღვევო სექტორს ჰყავს მარეგულირებელი - დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო და თუ ამ მხრივ, გამოწვევები არსებობს, სადაზღვევო ინდუსტრიის მარეგულირებელმა უნდა დაარეგულიროს ეს საკითხები; ჩვენს მხარეს რაც შეიძლება და რაც აუცილებლად გასაკეთებელია და ჩვენ უკვე გაკეთებული გვქონდა, არის ის, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვით უნდა გავაძლიეროთ მიმართულებები და ჩვენ წინა კვირაში გამოვაცხადეთ იმ ცვლილებების შესახებ, რომელსაც ვაპირებდით და რომელსაც უკვე ვამუშავებედით გარკვეული პერიოდი, მაგრამ გვჭირდებოდა კონსულტაცია სექტორთან; საფინანსო სექტორის მოსარგებლე მომხმარებლებისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ფინანსური ინსტიტუტები სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზებისას აუცილებლად სთავაზობდნენ ალტერნატივას და მომხმარებელი არ დარჩეს არჩევანის გარეშე. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, ცვლილებების პროექტი გამოქვეყნებულია“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე - გამომდინარე იქიდან, რომ დაზღვევა საფინანსო ინდუსტრიის ნაწილია, სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნა ხომ არ არის ალოგიკური, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შემდეგი პასუხი გაგვცა:

„ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით, ისევ სექტორთან უნდა გააგრძელოთ ურთიერთობა. მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა ამ საკითხის გადამისამართება, მაგრამ მე გიხსნით, რომ ჩვენ ვართ საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, გარდა სადაზღვევო სექტორისა და დაზღვევა საქართველოს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, მიჩნეულია ფინანსურ ინსტრუმენტად“, - აღნიშნა მთავარმა ბანკირმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები