საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით გაუზარდა. შედეგად, ამ განაკვეთმა 30%-ს მიაღწია.
სებ-ის განმარტებით, ეს ცვლილება ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შემცირებას ემსახურება. თუმცა, მის შედეგად, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ევროს რესურსის მოზიდვა გაუძვირდათ.
არ არის გამორიცხული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდას უცხოური ვალუტის სესხის გაძვირება მოჰყვეს. მეტიც, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის განცხადებით, ეს ნაბიჯი სწორედ ამას ემსახურება.
“ფინანსური სტაბილურობისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის სესხების ზრდა. საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესარბილებლად და ბუფერების დამატებითი ზრდის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განიხილოს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 5 პროცენტული პუნქტით ზრდა.”
რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5%-ზე ნარჩუნდება.
რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?
თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავისმხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი იზრდება.
შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.

























