მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბანკებს უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შესაძლოა, 30%-მდე გაეზარდოთ

5c6d5f0a79c63
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.19 18:05
1505
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილრობის კომიტეტი გამოდის რეკომენდაციით, 5%-ით გაიზარდოს ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა და ის 30%-ს გაუტოლდეს.

ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ერვოს რესურსის მოზიდვა გაუძვირდებათ, არაა გამორცხული, ამან უცხოური ვალუტის სესხები გააძვიროს. მეტიც, სებ-ი ამ ნაბიჯით სწორედ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შემცირებას ისახავს მიზნად. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

“ფინანსური სტაბილურობისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოური ვალუტის სესხების ზრდა. საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესარბილებლად და ბუფერების დამატებითი ზრდის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განიხილოს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 5 პროცენტული პუნქტით ზრდა.”

რაც შეეხება ლარის დეპოზიტებზე არსებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, ის უცვლელად 5%-ზე ნარჩუნდება. 

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?

თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანლებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავისმხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი იზრდება.

შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები