საქართველოს კომერციულ ბანკებს 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით 60.5 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელი აქვთ ეკონომიკაზე გაცემული. ბანკების მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ამ სესხებიდან 90 დღეზე მეტად, ანუ 3 თვეზე მეტად ვადაგადაცილებულია 1 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტები, რაც მთლიანი პორტფელის 1.7%-ია. ქართული საბანკო სისტემა წლებია ვადაგადაცილებული კრედიტების დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, თუმცა კრედიტების კონკრეტული სახეობების მიხედვით, ვადაგადაცილების მაჩვენებლები უფრო მაღალია.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, საბანკო სექტორში ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება ოვერდრაფტების სესხებშია, რაც მოქალაქეებს ხელფასის მიღებამდე წინასწარ ერთი ან რამდენიმე ხელფასის მოცულობის კრედიტის მიღების შესაძლებლობას აძლევს. სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ოვერდრაფტების სესხების მთლიანი პორტფელის ზომაა 79.8 მილიონი ლარი, საიდანაც ვადაგადაცილებულია 5.8 მილიონი ლარის კრედიტები.
კორპორატიულ სექტორში კი ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება ფიქსირდება რესტორნების, ბარებისა და კაფეების სექტორში, სადაც გაცემული 824 მილიონი ლარის სესხებიდან ვადაგადაცილებულია 35.5 მილიონი ლარის კრედიტები, რაც 4.3%-იანი ვადაგადაცილებაა.
ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტების ზომაა 21.8 მილიარდი ლარი, საიდანაც 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია 1.17%, სექტორების მიხედვით ვადაგადაცილება ასე ნაწილდება:
კრედიტის კატეგორია | საკრედიტო პორტფელის ზომა (მლნ ლარი) | 90 დღეზე მეტად ადაგადაცილების წილი |
ოვერდრაფტები | 80 | 7.22% |
სწრაფი სესხები (Pay Day Loans) | 0 | 4.48% |
საკრედიტო ბარათები | 473 | 2.96% |
სამომხმარებლო სესხები | 11389 | 1.42% |
მომენტალური განვადება | 419 | 1.38% |
საცალო ლომბარდული სესხები | 336 | 1.12% |
სატრანსპორტო სესხები | 197 | 1.04% |
იპოთეკური სესხები - დასრულებული უძრავი ქონების შეძენა | 9056 | 0.90% |
იპოთეკური სესხები - უძრავი ქონების რემონტისათვის | 964 | 0.63% |
იპოთეკური სესხები - მშენებლობა, მშენებლობის პროცესში მყოფი უძრავი ქონების შეძენა | 1762 | 0.56% |
სტუდენტური სესხები | 7 | 0.22% |
კორპორატიულ სექტორზე, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული კრედიტების მოცულობაა 38.7 მილიარდი ლარი, საიდანაც 2% არის ვადაგადაცილებული
კრედიტის კატეგორია | საკრედიტო პორტფელის ზომა ლარებში (მლნ ლარი) | 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილების წილი |
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 824 | 4.30% |
ექსპორტიორები | 697 | 3.54% |
სხვა | 324 | 3.37% |
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 993 | 3.23% |
სოფლის მეურნეობის სექტორი | 3324 | 3.01% |
ვაჭრობა (სხვა) | 2139 | 2.96% |
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 1975 | 2.68% |
უძრავი ქონების დეველოპმენტი | 3719 | 2.56% |
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 486 | 2.48% |
სასტუმროები და ტურიზმი | 3182 | 2.43% |
უძრავი ქონების მენეჯმენტი | 3093 | 1.89% |
სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1759 | 1.88% |
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2144 | 1.77% |
სერვისი | 3401 | 1.69% |
ჯანდაცვა | 1327 | 1.69% |
წარმოება (სხვა) | 776 | 1.67% |
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 602 | 1.45% |
მძიმე მრეწველობა | 937 | 1.45% |
ფარმაცევტიკა | 171 | 0.70% |
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 657 | 0.69% |
სახელმწიფო ორგანიზაციები | 81 | 0.27% |
საფინანსო ინსტიტუტები | 781 | 0.23% |
ავტომობილების დილერები | 243 | 0.21% |
ენერგეტიკა | 2384 | 0.15% |
საბითუმო ლომბარდი | 211 | 0.14% |
ტელეკომუნიკაცია | 242 | 0.02% |
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 46 | 0.00% |