საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფარსტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებელს- “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ფინანსური ხელშეკრულების წარდგენის ვადა გაუხანგრძლივდა.
როგორც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი bm.ge-სთან განმარტავს, ფინანსური ხელშეკრულების წარდგენა მთავრობის წინაშე ერთი წლით გადაავადეს. მიზეზი კი საფინანსო ინსტიტუტებთან გახანგრძლივებული მოლაპარაკებები იყო.
“4 საფინანსო ინსტიტუტთან(EBRD, AIIB, ADB, OPIC) მოლაპარაკება არის კომპლექსური და რთული პროცესი და ყველამ დაგვიანებით დავიწყეთ. სანამ დავარწმუნეთ, რომ პროექტი გამართლებული იქნებოდა კომერციულად და პოლიტიკურადაც მხარდაჭერილი... მაისში მოხდა მანდატებზე ხელის მოწერა, აქედან მოყოლებული ყოველდღიურად ვმუშაობთ ბანკებთან. ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავიდან ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ეს იმ ნაწილში, როდესაც საუბარია ფინანსირების მოძიებასთან დაკავშირებით, თორემ სამშენებლო ნაწილში არცერთი დღე დაგვიანება არ გვაქვს, არ გაგვიჩერებია პროექტი და კაპიტალით დავაფინანსეთ ეს პროცესები”,- აცხადებს ლევან ახვლედიანი.
ანაკლიის პორტის პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება, მისი სრული ღირებულება კი 2-ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარია. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. გასულ კვირას ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა, რომ პირველი ფაზის ინვესტიცია სრულად შეავსო, მას შემდეგ, რაც პროექტის დაფინანსებაში გერმანიისა და ნიდერლანდების განვითარების ბანკები შევიდნენ.

























