მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკის შექმნა მარტივი არაა და არც უნდა იყოს მარტივი - თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ქართულ საბანკო სექტორში ახალი მოთამაშეების შემოსვლასთან და მიკრობანკების მიერ ფუნქციონირების დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს. ნათია თურნავას განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ 2024 წელს მიკრობანკის ლიცენზიის გაცემა მოხდება, თუმცა, ამასთანავე, ნათია თურნავა განმარტავს იმასაც, რომ ახალი ბანკის შექმნა მარტივი პროცესი არაა და ის მარტივი პროცესი არც უნდა იყოს, რადგანაც აღნიშნული ფინანსურ სტაბილურობას უკავშირდება.

"მიკრობანკების შესახებ რამდენიმე განაცხადი არის შემოსული, ამ ეტაპზე უკვე შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ არის პერსპექტიული განაცხადები, მიმდინარეობს ბოლო პროცედურები, ვინაიდან არ არის მარტივი ახალი ბანკების შექმნა და არც უნდა იყოს მარტივი. პირველადი დოკუმენტაციების გავლა მიკრობანკებთან მიმართებით მოხდა წარმატებით და ახლა დარჩა ისეთი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ციფრულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები და მიმდინარეობს მოკვლევა, რამდენად შეასრულებს ესა თუ ის ორგანიზაცია ბანკის ფუნქციას. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე პირველი მიკრობანკები გვეყოლება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ცნობილია მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვებას ამჟამად სამი მის-ო ცდილობს, ესენია "კრისტალი", MBC და "ლაზიკა კაპიტალი".

2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 მოთამაშისგან შედგება, მათ შორისაა 14 ბანკი და 3 ციფრული ბანკი. უკანასკნელი სუბიექტი, რომელსაც ციფრული ბანკის ლიცენზია მიენიჭა "პეივ ჯორჯია" იყო, რომელსაც "ჰეშ ბანკის" მსგავსად, ჯერ მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდება არ დაუწყია და მხოლოდ სატესტო რეჟიმში მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები