აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი ფუნქციონირებას მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მონაკვეთზე სრულ პასუხისმგებლობას „საქართველოს რკინიგზა“ იღებს. სარკინიგზო ხაზის ეს მონაკვეთი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს. ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, პროექტი დროში განგრძობადი და წაგებიანია - პროექტში 900 მლნ დოლარის ინვესტიციის მიუხედავად, მისი ფინანსური უკუგება დაბალია, ხოლო, ტვირთნაკადები - შეზღუდული. კერძო სექტორი კი, მიიჩნევს, რომ სარკინიგზო ხაზის დასატვირთად, გადამზიდავებისთვის შეღავათიანი ტარიფები უნდა იყოს შეთავაზებული. რა პოტენციალი და რა გამოწვევები აქვს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტს?


































