მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის კონფიგურაციის შეცვლას საქართველოს გარეშე ვერ გადაწყვეტენ"

5cd4420395db9
სალომე მეცხვარიშვილი
09.05.19 19:05
549
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის კონფიგურაციის შეცვლაზე საქართველოს გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა იმ შეხვედრის კომენტირებისას, რომელიც ანკარაში გაიმართა.

ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა. რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია "რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს".

"ეს არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს იმ ფორმით, როგორითაც ის არის შეთანხმებული 3 სახელმწიფოს შორის. ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ლოგისტიკური ჰაბის მოწყობის ფორმით. არცერთ ცალკეულ აღებულ მხარეს არ აქვს უფლება, რომ ცალმხრივად შეცვალოს ეს მოცემულობა. ჩვენ ვახორციელებთ ამ პროექტს იმ ფორმით, როგორითაც არის დამტკიცებული, შეთანხმებული და რომელიც შეესაბამება ჩვენს სუვერენულ ინტერესებს. შეიძლება შედგეს შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში და ალბათ სხვა თემატიკას მიძღვნილი. შეიძლება საუბარი იყოს ტვირთების მოზიდვაზე ჩვენს რეგიონში, მაგრამ ჩვენს გარეშე არცერთი ცალკე აღებული მხარე ამ შეთანხმების არ არის უფლებამოსილი, შეცვალოს რამე ამ პროექტში და მით უფრო ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია.

ჩვენ ვერც ვიქნებოდით და არც ვიქნებოდით შეხვედრაზე, რომელიც შეეხება ამ პროექტის კონფიგურაციის შეცვლას. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა ეძღვნებოდა სხვა თემატიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები ჩვენს გარეშე არაუფლებამოსილები არიან იმსჯელონ ყარსი–ახალქალაქის პროექტის გადახედვაზე", - აცხადებს თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები