ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრება. ამის შესახებ "საქმის კურსს" პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ცნობით, ცერემონიას ორგანიზებას მთლიანად აზერბაიჯანი უწევს. გიორგი კვირიკაშვილიც ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.
უკვე ცნობილია, რომ მასთან ერთად ღონისძიებას დაესწრება ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი სატვირთო მატარებლის გავლის ცერემონიალი 30 ოქტომბერს გაიმართება.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება.

























