“რეკონსტრუქციის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს აღდგენა დამატებითი იმპულსი იქნება ნაკადების ხელახალი გადანაწილების და ტვირთბრუნვის ზრდის კუთხით, როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის, ასევე რეგიონის ქვეყნებში”, - ამის შესახებ ლოგისტიკის სფეროში საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია RDL Group-ის გენერალურმა დირექტორმა, რომან დედკოვმა BMG-ის ბაქოს ბიუროსთან ინტერვიუში სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო სექტორის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის განვითარება ხელს შეუწყობს პორტების განტვირთვას, პირველ რიგში ბათუმში, ასევე ფოთში.
“მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შუა დერეფანში არსებული შეფერხებების დიდი ნაწილი პორტებზე მოდის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას შეუძლია, ტვირთის ნაწილი თავის თავზე აიღოს, რითაც პორტებზე არსებული დაწოლა შემცირდება და ტვირთის გატარების მაჩვენებელი გაიზრდება. შეიძლება ჩინეთიდან ევროპაში - არა, მაგრამ აზერბაიჯანიდან და საქართველოდან - კი”, - აღნიშნა რედკოვმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი ელემენტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რადგან ზოგ ქვეყანაში არ ჰყოფნით თანამედროვე ტერმინალები, ზოგში კი მოწყობილობები, რომლებიც ტვირთის გადამუშავების პროცესს დააჩქარებდა და შესაბამისად, გაზრდიდა გამტარუნარიანობას, ქვეყნებს შორის არსებულ ტვირთბრუნვას და, შესაბამისად, ფულად ნაკადებს.
“დარგის კუთხით, ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული პროექტები განვითარდება, ხოლო პორტები განახლდება. ვიცი, რომ 2030-2035 წლამდე განვითარების გეგმა ყველა პორტს აქვს, რადგან თითოეული მათგანი მშენებლობებს და ინვესტიციებს გეგმავს, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე საერთაშორისო დონეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ტვირთები დივერსიფიცირდება, ხოლო ტვირთნაკადები გაიზრდება, რადგან თითოეული პორტი ცდილობს, ახალი ტვირთი მიიღოს, იქნება ეს კონტეინერები, სასუქები, თუ მარცვლეული. შესაძლოა, ასევე განვითარდეს გლობალური თავისუფალი ეკონომიკური ზონების მიმართულება, რაც საერთაშორისო ბიზნესს წაახალისებს”, - დასძინა მან.