"ბარამბო“ საექსპორტო არეალს აფართოებს, მისი შოკოლადი და ტკბილეული წელს ჩინეთში და სინგაპურში ექსპორტზე გავიდა.
"ჩინეთში და სინგაპურში ასაწონი შოკოლადის კანფეტი, ასევე შოკოლადის ფილა გაიყიდება, რაც სპეციალურად პარტნიორების მოთხოვნით შეიქმნა, როგორც პროდუქტი, ასევე დიზაინი და შეფუთა. ბარამბოს გუნდმა 2011 წლიდან დაიწყო ექსპორტზე მუშაობა და პროდუქცია წარმატებით გავიდა სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე - უკრაინაში, ერაყში, აზერბაიჯანში, ირანში და რუსეთში.
კომპანია პერიოდულად მონაწილეობს საკვები და სასმელი პროდუქტების სხვადასხვა საერთაშორისო დონის გამოფენაში. 2018 წელს ბრენდმა პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარადგინა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე - Gulfood 2018 - დუბაიში, სადაც რამოდენიმე საინტერესო პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მაისის ბოლოს დაგეგმილია მონაწილეობა ჩინეთის გამოფენაზე - Sial China 2018.
ამ ეტაპზე ექსპორტზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის პალესტინასთან, საუდის არაბეთთან, სომხეთთან და ტაჯიკეთთან“ - განუცხადეს Bm.ge-ს კომპანიაში.
"ბარამბო“ ISO22000:2005 სერთიფიკატს ფლობს, კომპანია პროდუქციას ბელგიური ნედლეულით, ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებს.

























