“ბარბი” წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ამერიკულ ფილმებს შორის პირველობისთვის Super Mario Bros-ს ეჯიბრება. CNN-ის ცნობით, “ბარბიმ” კინოსტუდიას უკვე მოუტანა $569.3 მილიონიანი მოგება, რითაც Super Mario Bro-ს $574.2 მილიონიან შემოსავალს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება.
სავარაუდოდ, ამერიკის ყველაზე ცნობილ თოჯინაზე დაფუძნებული ფილმი ვიდეო თამაშზე შექმნილ ეკრანიზაციას შემოსავლებით ამერიკის დროით ოთხშაბათს, 23 აგვისტოს გადაუსწრებს, როდესაც კინოთეატრების სალაროები მიღებულ შემოსავალს გაასაჯაროებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ბარბის” წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის ტიტულის მოსაპოვებლად მხოლოდ 34 დღე დასჭირდა მაშინ, როდესაც მარიოსა და ლუიჯის დუეტმა ამ შედეგს ფილმის გამოსვლიდან 138-ე დღეს მიაღწიეს.
შეგახსენებთ, 21 ივლისს “ბარბის” პრემიერის შემდეგ ფილმმა არაერთი რეკორდი მოხნა. მხოლოდ პირველ კვირას აშშ-ში მისგან მიღებულმა შემოსავალმა $155 მილიონს მიაღწია, რაც ქალი რეჟისორის ფილმისათვის ისტორიული მაქსიმუმია.
გლობალური მასშტაბით “ბარბის” შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა - ამ შედეგს ისტორიის მანძილზე მხოლოდ 50-მა ფილმმა მიაღწია.
თუმცა გასულ კვირას “ბარბის” გაყიდვებს DC-ს ახალმა ფილმმა “Blue Beetle”-მ გადაასწრო და კინოთეატრებს $25.4 მილიონის შემოსავალი მოუტანა მაშინ, როდესაც “ბარბის” ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ $21.5 მილიონი იყო.