მსოფლიო ბანკი ენერგეტიკულ ინდუსტრიასთან დაკავშირებით განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს, რომლის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლოა, ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 157-დოლარიან ნიშნულს მიაღწიოს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
World Bank-ის შეფასებით, საბაზრო რყევის რისკები ამჟამად ექსტრემალურად მაღალია და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, მოსალოდნელი იქნება, რომ ნავთობის გლობალური წარმოება დღიურად 6-8 მილიონი ბარელით შემცირება, რაც ობიექტური მიზეზებით და პოლიტიკური მიზნებით იქნება განპირობებული.
მოგეხსენებათ, OPEC-ის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია წარმოდგენილი, თავად ნავთობის ექსპორტიორთა გაერთიანება კი გლობალური წარმოების უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, შესაბამისად, რეგიონში კონფლიქტის გამწვავება მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზარზე დეფიციტის გამოწვევის რისკებს.
აქვე უნდა იქნეს გათვალისწინებული ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ამჟამად ბაზარს ხელოვნურად უმცირებენ ნავთობის მიწოდებას, ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასები კი ყველაზე კარგად სწორედ მათ შემოსავლებზე აისახება.
თუკი მსოფლიო ბანკის პროგნოზი გამართლდება, მაშინ ამჟამინდელ ფასებთან შედარებით ბარელი ბრენტი 83%-ით გაძვირდება, რაც აუცილებლად გამოიწვევს ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის ფასების ზრდას.